ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ცხინვალის არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც არჩევნებს და არც რეფერენდუმს არ აღიარებს.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, მკაფიო, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს" — თქვა მან.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. ამის შესახებ რუსეთის პროპაგანდისტულ მედია RIA ბიბილოვის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიბილოვმა "რეფერენდუმის" დანიშვნაზე განკარგულებას ხელი მოაწერა და ეს გადაწყვეტილება "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რუსეთთან გაერთიანების ისტორიული სურვილიდან" გამომდინარე მიიღო.