ქართულმა ოცნებამ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დამფუძნებელ კონფერენციაზე განაცხადა, სიმბოლურია, რომ ორგანიზაცია ფუძნდება თამარ მეფის ხსენების დღეს.

"სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტიის, ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება.

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. მხოლოდ იმის ხსენება რად ღირს, რომ საქართველო ქრისტიანობას სწორედ ქალმა, წმინდა ნინომ აზიარა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადების ყველაზე თავგანწირული მაგალითიც ქალის სახელს, წმინდა ქეთევან დედოფალს უკავშირდება. საუკუნეების მანძილზე, ქალებს საქართველოში შეჰქონდათ უდიდესი წვლილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების დაცვაში, ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურის განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, ძალზე მდიდარია ჩვენი უახლესი ისტორიაც", — განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, პოლიტიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამისათვის კი პარტიამ გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

"განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გენდერული კვოტების შემოღება, რომლის საფუძველზეც როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მუნიციპალურ საკრებულოებში ქალების წარმომადგენლობა არსებითად გაიზარდა. თუმცა, გვესმის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფად მეტია გასაკეთებელი", — ამბობს ის.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების სრულ პარტიულ სიაში ზუსტად იმდენი ქალი იყო, რამდენსაც კანონი ითხოვს. პარტიამ, რომლის ინიცირებულიც იყო გენდერული კვოტირების კანონი და ამას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების სურვილით ხსნიდნენ, სრულ სიაში, რომელიც 150 ადამიანს მოიცავს, მხოლოდ 37 ქალი წარადგინა.