თუ ვარჯიშის დასაწყებად ან გასაგრძელებლად მოტივაციას ეძებთ, სწორ ადგილას მოხვდით — ნეპალელი ლაკპა შერპა უნდა გაგაცნოთ, რომელმაც სულ ახლახან ევერესტის მწვერვალი მეათედ დალაშქრა. 48 წლის მარტოხელა დედის მიღწევა რეკორდულია — იგი პირველი ქალია, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ამდენჯერ დალაშქრა.

ლაკპა, არც მეტი, არც ნაკლები, გამოქვაბულში დაიბადა, ფორმალური განათლება კი არასდროს არ მიუღია. მოგვიანებით იგი დამლაგებლად მუშაობდა.

"ევერესტის მწვერვალი რომ პირველად დავლაშქრე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ოცნება ავისრულე", — იხსენებს რეკორდსმენი, — "საკუთარ თავს ვუთხარი, უბრალოდ დიასახლისი აღარ ხარ-მეთქი".

ლაკპა ტიბეტის მკვიდრ შერპას ხალხს წარმოადგენს. ქალის თქმით, მწვერვალის დაპყრობის მომენტში ისიც იგრძნო, რომ თავისი ხალხის კულტურა და ნეპალელი ქალების სტატუსი შეცვალა.

"სახლს გარეთ ყოფნით ვისიამოვნე და მინდოდა, ეს შეგრძნება ყველა ქალისთვის გამეზიარებინა", — დასძენს იგი.

მთამსვლელი ნამდვილად იქცა სხვების, მათ შორის, თავისი შვილების, მისაბაძ მაგალითად.

"დედაჩემს ძალიან ვაფასებ", — ამბობს ქალის უმცროსი შვილი, 15 წლის შინი, — "ბევრ რამეს მიაღწია, თანაც ისე, რომ საერთოდ არაფერი ჰქონდა".

ლაკპა შერპა თავის შვილებთან ერთად.

ფოტო: Lhakpa Sherpa

აღსანიშნავია, რომ ლაკპა BBC-მ 2016 წელს 100 ყველაზე შთამაგონებელ და გავლენიან ქალს შორის დაასახელა.

თუმცა, მთამსვლელის წარმატებები მის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცნობადობაზე თავდაპირველად დიდად არ ასახულა. მას სხვადასხვა სამუშაოს შესრულება მინიმალური შემოსავლის მიღებისა და მხოლოდ შვილების რჩენის მიზნით უწევდა. ლაკპა იმ სოფელში ცხოვრობდა, რომელიც ზღვის დონიდან 4 ათას მეტრზე მდებარეობს. აქედან ევერესტი კარგად მოჩანს. რეკორდსმენმა ქალმა თავისი დაბადების ზუსტი თარიღიც არ იცის, ბავშვობაში კი ბევრი სირთულე გამოიარა.

"მახსოვს, საათობით მიწევდა ხოლმე ფეხით სიარული, რათა ჩემი ძმები სკოლაში მიმეყვანა, მე კი უკან გამოვბრუნებულიყავი. მაშინ გოგოებს სკოლაში არ უშვებდნენ".

ცხადია, ასეთ საზოგადოებაში მას თავისი მიზნების მისაღწევად ბრძოლა დასჭირდა. როცა ევერესტის დალაშქვრა მოისურვა, მშობლებმა გააფრთხილეს, რომ "მეტისმეტად მასკულინური და არასასურველი" გახდებოდა, რის გამოც, ვერასდროს დაქორწინდებოდა. თანასოფლელებმაც უთხრეს, რომ "კაცის საქმეს" შეეჭიდა და ცდის შემთხვევაში აუცილებლად დაიღუპებოდა.

თუმცა, ლაკპას მათთვის არ დაუჯერებია. ევერესტი პირველად 2000 წელს დალაშქრა, 2003 წელს კი უკვე პირველი ქალი გახდა, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე სამჯერ ავიდა.

იგი მოგვიანებით ამერიკელ მთამსვლელზე დაქორწინდა და მასთან ერთად ევერესტი კიდევ ხუთჯერ დალაშქრა. დღეს ლაკპა აშშ-ში ცხოვრობს თავის ორ შვილთან ერთად. ამიტომ, თუკი წინათ მწვერვალზე ნეპალის დროშა აჰქონდა, რეკორდულ მე-10 მცდელობაზე ევერესტზე აშშ-ის დროშა ააფრიალა.

ლაკპა შერპა ლაშქრობის დაწყებამდე ბარგს ამზადებს.

ფოტო: Lhakpa Sherpa

თუმცა, მთამსვლელობა ადვილი მაინც არასდროს ყოფილა. ევერესტის დალაშქვრის მცდელობისას ასობით ადამიანი დაიღუპა. ლაკპას თქმით, ცუდ ამინდში გზას არასდროს აგრძელებს, რადგან "მთას ვერ შეეჭიდები". 8 ათას მეტრზე მაღლა ასვლის შემდეგ კი ვეღარც საჭმელს შეჭამ, რადგან ყველაფერი უმალ იყინება. მწვერვალის მიღწევისას იქ მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩერდებიან — ფოტოების გადასაღებად და საკუთარი მიღწევის გასააზრებლად.

აი, ლაკპა კი გაჩერებას არ აპირებს. სამომავლოდ მას სხვა დიდი მწვერვალების დაპყრობაც სურს.

"მთამსვლელობა ჩემი გატაცებაა და ის საქმე, რომელსაც უნდა ვაკეთებდე", — ამბობს რეკორდსმენი ქალი, — "რთული ცხოვრება მქონდა. მთებმა გამაბედნიერა და სიმშვიდე მომანიჭა. მე არ ვნებდები. მინდა, არც ახალგაზრდა ქალები დანებდნენ".