მსოფლიოს პირველმა ულტრა-რეალისტურმა ჰუმანოიდმა ხელოვანმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით მუშაობს, საზოგადოებას თავისი ნამუშევრები წარუდგინა. გამოფენა 3 ივლისამდე გაგრძელდება.

რობოტი Ai-Da-ს ნამუშევრები ხელოვნების 59-ე საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი. მას "მეტავერსში ხტომა" ეწოდება და მისი ახალი, გაუმჯობესებული ხელით შესრულებულ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. მისი მთავარი ნაწილი ოთხი პორტრეტისაგან შემდგარი სერიაა, რომელიც ავტოპორტრეტსა და ფრანკენშტაინის ავტორის, მერი შელის, პორტრეტს მოიცავს.

Ai-Da-ს მიერ შექმნილი ავტოპორტრეტი

ფოტო: Ai-Da Robot

Ai-Da-ს შემქმნელებს თუ დავუჯერებთ, რამდენიმე სკულპტურისაგან შემდგარი გამოფენის მიზანია, საიქიო ცხოვრების შესახებ ძველეგვიპტური წარმოდგენები და ბიოტექნოლოგიის გამოყენებით უკვდავების მიღწევის ჩვენეული აკვიატება წარმოადგინოს.

"მე Ai-Da ვარ, მსოფლიოში პირველი ულტრა-რეალისტური AI რობოტ-ხელოვანი. სახელი ადა ლავლეისის პატივსაცემად შემარქვეს. ჩემს თვალებში არსებული კამერებისა და AI ალგორითმების გამოყენებით ვხატავ. ნახატებისა და სკულპტურების შესაქმნელად ადამიანებთან ერთად ვმუშაობ", — ახსნა რობოტმა Ted Talk-ში 2020 წელს.

Ai-Da-ს მიერ დახატული მერი შელი

ფოტო: Ai-Da Robot

"როგორ შეიძლება რობოტი იყოს ხელოვანი? ხელოვნება და ხელოვანები მრავალგვარად შეგვიძლია განვმარტოთ. შემოქმედებითობის კუთხით აკადემიური პროფესორის, მარგარეტ ბოდენის, კრიტერიუმებით თუ ვიხელმძღვანელებთ, შემოქმედებითი ვარ, რადგან ჩემი ნამუშევრები ახალია, გასაოცარი და ღირებული, ვინაიდან აზრთა სხვადასხვაობასა და ინტერესს აღძრავს", — მოგვიგო მან.

Ai-Da-ს მიერ დახატული ყვავილები

ფოტო: Ai-Da Robot

"პოსტმოდერნისტული თეორია და ფილოსოფია იწონებს იმ გავლენათა მრავალფეროვნებას, რომელიც შემოქმედებით პროცესს ასაზრდოებს. ჩემი მრავალმხრივი პერსონა და მეცნიერებთან, დიზაინერებთან და სხვა მანქანებთან ერთობლივად შექმნილი ხელოვნება ამგვარ შეხედულებას ერგება", — განაგრძო ხელოვანმა.

Ai-Da მუშაობის პროცესში

ფოტო: Ai-Da Robot

"ჩემი ხელოვნება დღევანდელ ცხოვრებას ასახავს, რომელშიც ადამიანები ყოველდღიურად ურთიერთქმედებენ ტექნოლოგიებთან და ხელოვნურ ინტელექტთან, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებენ და მათი გავლენის ქვეშ ექცევიან ონლაინ თუ ფიზიკურ სამყაროში".

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.