ვინც გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად Apple-ისა თუ Google-ის პროდუქტების პრეზენტაციაზე ყოფილა ან მისთვის ონლაინ მიუდევნებია თვალი, ასეთ ღონისძიებაზე მოხვედრას განმეორებით ან ერთხელ მაინც ისურვებდა. 11 მაისს, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიების დღეზე მისულებს კი სწორედ ასეთი ატმოსფერო და გარემო დაგვხვდა.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოში გამართულ ღონისძიებებზე, ძირითადად, სტენდები, ბანერები და ფიზიკური საჩუქრები დაგხვდებათ. თუმცა 11 მაისი იყო დღე, რომელმაც, ამ მხრივ, ბევრი დამსწრის გამოცდილება შეცვალა. ჰოლოგრამები, ვიზუალური ეფექტები, მუსიკა, ინტერაქტიული კედელი, რომელიც ჩვენს მოძრაობებს იმეორებს და ინტერაქტიული დაფა, რომელზეც საქართველოს ბანკის პროდუქტებზე შეხება და მათი გამოხმობა შეგვეძლო. აი, ასე, როგორც ქვემოთ გიფზე ნახავთ.

მეტი დეტალისთვის, გაეცანი LIVE BLOG-ს ღონისძიებიდან: რა ხდება ტექნოლოგიების დღეზე — LIVE BLOG UPDATE-იდან

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათი გვქონდა ნეთვორქინგისთვის, შესაბამისად, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწე არაერთი ადამიანის ნახვა მოვასწარით. მათ შორის იყვნენ ჩვენი რესპონდენტებიც. 20 საათისთვის კი დარბაზში გადავინაცვლეთ, სადაც ბანკის მიერ შემოთავაზებული სიახლეების შესახებ უნდა გაგვეგო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებისას გამოყენებულმა განათებებმა, ვიზუალურმა ეფექტებმა თუ მუსიკამ დარბაზში მყოფებს განსაკუთრებული განწყობა შეგვიქმნა და მომდევნო წუთებში ეს განწყობა კიდევ უფრო გაგვიმყარდა. სცენაზე 11 გამომსვლელი ვიხილეთ, რომელთაც ბანკში მიმდინარე 10 მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გვამცნეს.

1. სუპერ აპი

ღონისძიების დასაწყისში გავიგეთ, რომ საქართველოს ბანკი მობილბანკის სუპერ აპად ქცევას გეგმავს. აპლიკაცია გააერთიანებს უამრავ საბანკო და არასაბანკო სერვისს. მაგალითად, ახლა მობილბანკი საშუალებას გვაძლებს, განვახორციელოთ ინვესტიციები, მივიღოთ შეთავაზებები ან ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა. მომავალში კი, მისი გავლით შევძლებთ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ბილეთების ყიდვასა თუ სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებას. სუპერ აპს Marketplace-იც ექნება, ავტოდაზღვევაც და სხვა ბანკის ანგარიშების მართვაც.

მოკლედ, საქართველოს ბანკი გეგმავს, მობილბანკი სუპერ აპლიკაციად აქციოს და ამის გზას უკვე ადგას ეს პროდუქტი. ბანკს სურს, ერთი აპლიკაციიდან შევძლოთ ჩვენი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

"ჩვენ გვჯერა, რომ რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც არ უნდა სურდეს ადამიანს, სუპერ აპი მას ყველაფერში დაეხმარება", — თქვა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

2. გადახდების მართვის პლატფორმა

UPDATE-ის მეორე გამომსვლელმა, ბაია ჭალელიშვილმა ბიზნესისთვის გადახდების მართვის ახალი პლატფორმა წარგვიდგინა. როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ, ამ ერთიან სივრცეში მომხმარებელი შეძლებს მართოს, მოითხოვოს და გააანალიზოს ბიზნესისთვის აუცილებელი გადახდის მეთოდები.

პლატფორმის დახმარებით ბიზნესები შეძლებენ როგორც განაცხადის ონლაინ შევსებასა და მომენტალურ რეგისტრაციას, ასევე გადახდების მეთოდების მინიმალურ დროში ინტეგრირებას, ნავაჭრი თანხის სწრაფ ჩარიცხვას, გადახდების შედეგების ანალიტიკასა და საოპერაციო საქმიანობის ეფექტურ მართვას.

"საქართველოს ბანკის გადახდები იქნება სრულიად ციფრული და მარტივი. გადახდისთვის მალე მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ. ხოლო ყველა გადახდის მეთოდს ერთ სივრცეში დაინახავთ", — ამბობს საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ბაია ჭალელიშვილი.

პლატფორმაზე მუშაობის გზით ბანკი გადახდების სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას პასუხობს, ხოლო ბიზნესებს დაზოგილ დროსა და ციფრულ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

ვრცლად სერვისზე: საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის გადახდების მართვის ახალ პლატფორმას ქმნის

3. Ads Manager

პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სოციალური მედიისა თუ ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე ბრენდებისთვის რეკლამის დეტალური თარგეთირების შესაძლებლობა იზღუდება. კომპანიებისთვის ამ პრობლემის გადასაჭრელად და ამასთან, მეტად ეფექტური შეთავაზებების გენირირებისთვის, საქართველოს ბანკი შეთავაზებების მართვის ახალ პლატფორმას — Bank of Georgia Ads Manager-ს ქმნის.

"გვჯერა, რომ მეგობრობის შესაძლებლობები უსაზღვროა. შეთავაზებების მართვის პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ერთი მხრივ მომხმარებლებისთვის, მეორე მხრივ კი ბიზნესებს გაუმარტივებს ოპერაციებს", — თქვა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ვახტანგიშვილმა.

სიახლე, ერთი მხრივ, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, მათ საჭიროებებზე დაყრდნობით, პერსონალიზებული არასაბანკო შეთავაზებები მიიღონ, მეორე მხრივ კი ბიზნესებს უხსნის გზას, დემოგრაფიულად თარგეთირებული შეთავაზებების შესაქმნელად და სამართავად. ამ მოდულის უკან "შეთავაზებების მართვის" მექანიზმი დგას, რომელიც საბანკო ოპერაციებზე დაყრდნობით, მომხმარებელს მის სურვილებზე მორგებულ შეთავაზებებს უგენერირებს.

ვრცლად: საქართველოს ბანკის აპლიკაციას Ads Manager ემატება

4. API.bog.ge

დღევანდელ ციფრულ სამყაროში ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია API სერვისების ინტეგრირება. სწორედ ამ მხრივ ცდილობს საქართველოს ბანკი ქართული სტარტაპებისა და კომპანიების დახმარებას, ამას კი ბანკის მიერ შექმნილი ვებგვერდი — Api.bog.ge მოწმობს.

ღონისძიებაზე გიორგი კინწურაშვილისგან გავიგეთ, რომ Api.bog.ge აერთიანებს სხვადასხვა API ფუნქციონალს, გადახდის მეთოდებსა და ღილაკებს. მათი დახმარებით, ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ მომხმარებელს შესთავაზონ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები, მართონ გაყიდვები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უსაფრთხოდ და დაცულად ხდება.

"ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მეტი გახსნილი API სერვისი, რომ ტექნოლოგიური კომპანიებისა და ჩვენთვის შევქმნათ მეტი შესაძლებლობები", — თქვა ღონისძიებაზე გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა.

ამ ეტაპზე, ბიზნესები საკუთარ ციფრულ არხებში api.bog.ge-ს მეშვეობით შემდეგი გადახდის მეთოდების ინტეგრირებას შეძლებენ: ბარათით, ინტერნეტბანკით, PLUS და MR ქულებით გადახდა, Apple Pay, ონლაინ განვადებით ყიდვა. ყველა ამ გადახდის მეთოდის დამატება api.bog.ge-დან ერთი ინტეგრაციით არის შესაძლებელი. ამ მხრივ კი სამომავლოდ კიდევ უამრავ შესაძლებლობას უნდა ველოდოთ.

5. ყიდვის ახალი გამოცდილება — ნაწილ-ნაწილ

ღონისძიებაზე გავიგეთ, რომ საქართველოს ბანკი მალე ყიდვის ახალ გამოცდილებას შემოგვთავაზებს. ნაწილ-ნაწილი — ასე ჰქვია ციფრულ პროცესს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, მარტივად და მოქნილად შევიძინოთ მეტი ნივთი, რადგან მათი ღირებულების გაყოფა და თვეების განმავლობაში, მისი ნაწილ-ნაწილ გადახდა იქნება შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა ამ ინოვაციური და მოსახერხებელი პროდუქტით ისარგებლოს, ის ინტეგრირებული უნდა ჰქონდეთ ბიზნესებს და ეს პროცესიც, როგორც საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა გვითხრა, საკმაოდ მარტივია. პროდუქტის დანერგვა კი ზრდის გაყიდვებსა და საშუალო დანახარჯს.

ვრცლად: საქართველოს ბანკმა გადახდის ინოვაციური მეთოდი — ნაწილ-ნაწილ დააანონსა

ეს არის BNPL - buy now, pay later ტიპის პროდუქტი, რომლით სარგებლობაც შეგვეძლება როგორც ციფრულ არხებში, ასევე ფიზიკურ მაღაზიებსა და QR სკანირების მეშვეობით. დაბალი ღირებულების პროდუქტის შემთხვევაშიც კი (45 ლარიდან).

"ნაწილ-ნაწილი სრულიად ციფრული პროცესია, რომელსაც თავს ართმევთ ყველას დახმარების გარეშე. თითქოს დროს აჩერებთ და ღირებულებას დროში თქვენს სასარგებლოდ ატრიალებთ", — თქვა თამარ ბეღელურმა, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა.

6. სრულიად ციფრული ბანკინგი ბიზნესისთვის

უკვე ვიცით, რომ ბიზნესისთვის შესაძლებელია საქართველოს ბანკში ანგარიშის ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად გახსნა, ციფრული ბიზნეს ბარათით სარგებლობა, API სერვისებით სარგებლობა, რაც თავის თავში აერთიანებს მარაგების მართვის პლატფორმას, საბუღალტრო პლატფრომას, საწარმოს მართვის პლატფრომას.

"დავიწყეთ ისეთი პროდუქტის გაციფრულებაზე მუშაობა, რაც ჯერ ამბიციურად ჟღერს, თუმცა მომავალში შესაძლებელი იქნება ბიზნეს სესხის თავიდან ბოლომდე ციფრულად აღება", — განაცხადა ღონისძიების სპიკერმა, ლიკა თავართქილაძემ, რომელიც საქართველოს ბანკის ციფრული პროდაქთ ოუნერია.

7. Cloud Ready Bank

შემდეგი გამომსვლელი საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვაჟა მანტუა იყო. ის საქართველოს ბანკის IT გუნდში არსებულ ინოვაციურ მიდგომებზე გვესაუბრა და ხაზი გაუსვა ქლაუდ ინფრასტრუქტურის გამოყენების მნიშვნელობას.

საქართველოს ბანკის IT დეპარტამენტი სწორედ ის ადგილია, რომელიც ბანკის ნებისმიერი ციფრული პროდუქტის ფუნქციონირების მიღმა დგას.

ვაჟა მანტუას თქმით, საქართველოს ბანკის "IT მისიაა, თანამშრომლებსა და მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა, გამოავლინონ სრული პოტენციალი ტექნოლოგიების დახმარებით".

8. დიზაინ სისტემა

ღონისძიების შემდეგი ნაწილი დიზაინ სისტემას დაეთმო. ეს არის ერთგვარი UI/UX "ბიბლიოთეკა", რომლის თითოეული დიზაინის ელემენტის გამოყენებაც მარტივია და რომლის გამოყენებითაც იქმნება ბანკის ციფრული პროდუქტები ნებისმიერ არხში (ვებგვერდი, აპლიკაცია, ფეი აპარატი, ბანკომატი და ა.შ).

ამ წინასწარ გამზადებული ვიზუალური ელემენტების პლატფორმასა და წესების სახელმძღვანელოს საქართველოს ბანკში აქტიურად იყენებენ და ის ციფრული პროდუქტების შექმნას მნიშვნელოვნად ამარტივებს. დიზაინ სისტემის დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება სუფთა, სიმეტრიული და თანმიმდევრული დიზანის მქონე ციფრული პროდუქტების შექმნა.

"საჭირო იყო ჩავმდგარიყავით ჩვენი მომხმარებლების როლში და მათი გადმოსახედიდან გაგვეგო, რა გამოცდილებას იღებდნენ ყოველდღიურად, ჩვენი ციფრული არხებიდან", — თქვა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ანა სარალიძემ.

დიზაინ სისტემა სრულიად ციფრულია, თუმცა მას ადამიანები ქმნიან. საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივად იკვლევს, აკვირდება ერთი შეხედვით მცირე და უმნიშვნელო დეტალებს.

მომხმარებლისთვის ეს ქმნის ერთიან, ინტუიტიურ გამოცდეილებას ყველა არხში. ბანკისთვის კი ეს ნიშნავს ბევრად ჩქარ ტემპს ახალ პროდუქტებზე მუშაობისას და მოქნილობას ცვლილებების შეტანის საჭიროების შემთხვევაში. როგორც საქართველოს ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახურის უფროსმა, დათა ლაპიაშვილმა ღონისძიებაზე გვითხრა, მალე მობილბანკში Dark Mode-საც უნდა ველოდოთ, რაც ნამდვილად კარგი სიახლეა.

9. ქართული ენის ტრანსფორმაცია

მონაცემების მიმართულებით საქართველოს ბანკს საკმაოდ დიდი გუნდი ჰყავს და პოზიციონირებს, როგორც Data Driven კომპანია. ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი — ნიკოლოზ მამისაშვილი ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი იყო და მან მეტყველების ტექნოლოგიებზე ისაუბრა. ეს ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის მიზანიც არის, გაიგოს და დაამუშავოს ადამიანის მიერ ნათქვამი. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ამაზონის Alexa თუ Apple-ის Siri.

ნიკოლოზის თქმით, ხმოვანი ასისტენტების ათვისება იზრდება ბოლო წლების განმავლობაში და ეს ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება ახალგაზრდა მომხმარებლებში. ამ საინტერესო ეპოქაში, ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და ვსაუბრობთ ენაზე, რომელიც ხმოვან ასისტენტებს არ ესმით. მსოფლიოში მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი საუბრობს ქართულად და ციფრული ტექსტების რაოდენობა ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე პოპულარული ენების შემთხვევაში. ამიტომ ტექნოლოგიური გიგანტებისთვის არ არის მიმზიდველი ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარება. თუმცა, ტექნოლოგიების გარეშე ენა ციფრულ სამყაროში არათუ ვერ განვითარდება, არამედ ვერც გადარჩება.

ღონისძიებიდან გავიგეთ, რომ სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკმა დაისახა ამოცანად, რომ განავითაროს ქართული მეტყველების ტექნოლოგიები. ეს კი ისამომავლოდ ხელს შეუწყობს, პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნას.

"გვაქვს რესურსი, განვავითაროთ ისეთი ტიპის მანქანური დასწავლის ალგორითმები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით იქნება კონკურენტუნარიანი", — თქვა ნიკოლოზ მამისაშვილმა.

10. აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის

ღონისძიების ბოლო სიახლე მოსწავლეებისათვის ახალი აპლიკაციის შექმნას უკავშირდება. საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, ყველაზე ციფრული თაობისთვის, ახალი, ციფრული პროდუქტი შეექმნა.

საქართველოს ბანკის საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ხორგუანის თქმით, "გზაშია ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის, რომელიც გათვლილი და მორგებული იქნება მხოლოდ მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე და სრულიად ახალ საბანკო გამოცდილებას შექმნის მათთვის".

ეს იქნება პირველი აპლიკაცია საქართველოში, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნება. ნინო ხორგუანის თქმით, ისინი ახალ სასწავლო წელს უკვე ამ აპლიკაციით შეხვდებიან. პროდუქტი მორგებული იქნება მოზარდების ცხოვრებისეულ ინტერესებსა და სურვილებს. ეს იქნება მარტივი, სახალისო აპლიკაცია დატვირთული მცირე ფინანსური ელემენტებით. ის გააერთიანებს შემდეგ ინტერესებს: გართობა, გემიფიკაცია, სოციალიზაცია, განათლება (მათ შორის ფინანსური).

წაიკითხეთ ვრცლად: საქართველოს ბანკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი აპლიკაცია დააანონსა

აპლიკაცია საწყის ეტაპზე მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მართონ საკუთარი ჯიბის ფული, შეივსონ ბალანსი, გააკეთონ გადარიცხვები, ისარგებლონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო შეთავაზებებით. მომდევნო ეტაპზე კი, მოსწავლეები შეძლებენ დაისახონ მიზანი და ისწავლონ დაგროვება, ისწავლონ საკუთარი ფულის მართვა, მიიღონ დავალებები და წახალისებები.


ღონისძიების ბოლოს კი საინტერესო საჩუქარი მივიღეთ. საქართველოს ბანკმა ამ კუთხითაც ახალი სტანდარტი დააწესა. თუ აქამდე ღონისძიებებიდან მაისურებით, ბლოკნოტებითა თუ ჩანთებით ხელდამშვენებულები ვბრუნდებოდით, UPDATE-იდან ბევრი ჩვენგანი კრიპტო საფულეზე პირველი საკუთარი NFT-ით დაბრუნდა. ეს სწორედ ის საჩუქარი იყო, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიურ ღონისძიებას გამოხატავს და შეეფერება. ტექ ქომუნითის გამომხატველი 200-მდე ტექ პერსონაჟის NFT ახლა ღონისძიებაზე მისული 200-მდე სტუმრის კრიპტო საფულეშია.

ახალი სტანდარტები დაწესებულია. ისღა დაგვრჩენია, ღონისძიებაზე დაანონსებული პროდუქტების ჩაშვებას, შემდეგ წელს კი საქართველოს ბანკისგან მორიგ ტექნოლოგიების დღეს ველოდოთ.