დიდი ბრიტანეთის დასაქმების ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, კაცისთვის "მელოტის" წოდება დღეიდან სექსუალურ შევიწროებად განიხილება. რადგან თმის ცვენა კაცებში უფრო გავრცელებული მოვლენაა, ვიდრე ქალებში, ამიტომ სიტყვა "მელოტის" გამოყენება კაცის გარეგნობის აღსაწერად დისკრიმინაციის ფორმად დადგინდა.

"სამუშაო ადგილზე კაცის სიმელოტეზე ხაზგასმა, იგივეა, რაც ქალის მკერდის ზომაზე კომენტარის გაკეთება", — ნათქვამია დასაქმების ტრიბუნალის დასკვნაში.

ეს გადაწყვეტილება ტრიბუნალმა სამი კაცის სარჩელის განხილვის შედეგად მიიღო, რომლებიც სამსახურში მელოტად მოიხსენიეს. ერთ-ერთი მათგანი ტონი ფინია, რომელიც 24 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ იორკშირის Bung Company-ში მუშაობდა, მაგრამ გასულ წელს გაათავისუფლეს. მან კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ამტკიცებდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელთან ინციდენტის დროს სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

ფოტო: Getty Images

ფინის თქმით, 2019 წლის ივლისში ხელმძღვანელმა კამათის დროს მას "მელოტი ძუკნა" უწოდა. როგორც აღმოჩნდა, ფინი ამ კომენტარში გარეგნობის შესახებ შენიშვნამ უფრო გაანაწყენა და სწორედ ამის გამო იჩივლა.

"ჩვენი აზრით, კომპანიის ხელმძღვანელის, ჯეიმი კინგის, სიტყვები ზღვარს გადასცდა, რადგან მან უხეში კომენტარი ფინის გარეგნობის შესახებ გააკეთა. ძნელია სხვა დასკვნის გამოტანა გარდა იმისა, რომ კინგმა ეს სიტყვები ფინის ღირსების შელახვისა და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნისთვის წარმოთქვა. ჩვენი აზრით, არსებობს კავშირი, ერთი მხრივ, სიტყვა "მელოტსა" და მეორე მხრივ, სქესთან დაკავშირებულ მახასიათებლებს შორის", — ვკითხულობთ დასაქმების ტრიბუნალის დასკვნაში.

კომპანიის ადვოკატის თქმით, ქალები კაცების მსგავსად შეიძლება, რომ მელოტები იყვნენ. მაგრამ რადგან სამივე კაცი, რომელმაც სექსუალური შევიწროების გამო იჩივლა, მელოტია, ამიტომ ადვოკატი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება სქესთან პირდაპირ კავშირშია.

"ტრიბუნალი ადგენს, რომ მოსარჩელეს "მელოტ ძუკნად" მოხსენიება მისი ღირსების შემლახველი იყო და კომენტარი მოსარჩელეს სქესთან დაკავშირებით გაკეთდა", — ნათქვამია ტრიბუნალის დასკვნაში.

ამ ეტაპზე კი ფინის ფულადი კომპენსაციის რაოდენობა არ არის ცნობილი, თუმცა ტრიბუნალი ამას მოგვიანებით დაადგენს.