ესპანეთის ახალი რეფორმის მიხედვით, ქალებს, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, ყოველთვიურად სამდღიანი შვებულების აღება შეეძლებათ. ესპანეთის მთავრობა ამ რეფორმის დამტკიცებას მომავალ კვირას გეგმავს.

რეფორმის დამტკიცების შემდეგ ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ქალებს მენსტრუალური შვებულების აღების უფლებას აძლევს. ამ ეტაპზე აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში, ქალებს მენსტრუალური შვებულების უფლება უკვე აქვთ.

ესპანეთის მეანობა-გინეკოლოგიის საზოგადოების თანახმად, ქალების მესამედი მენსტრუაციის დროს ძლიერ ტკივილს განიცდის, რასაც დისმენორეა ეწოდება. დისმენორეის ძირითადი სიმპტომები მუცლის მწვავე ტკივილი, თავის ტკივილი, დიარეა და ცხელებაა.

ფოტო: Getty Images

"თუ ვინმეს ეს სიმპტომები აწუხებს, მას დროებით ქმედუუნარობის სტატუსი ენიჭება და იგივე უნდა მოხდეს მენსტრუაციის დროსაც. როცა ქალს მსგავსი სიმპტომები აწუხებს, მას სახლში დარჩენის უფლება უნდა ჰქონდეს", — განაცხადა თანასწორობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, ანგელა როდრიგესმა.

გარდა 3-დღიანი შვებულებისა ესპანეთის ახალი რეფორმა მენსტრუალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სხვა პუნქტებსაც მოიცავს. კერძოდ, სკოლის მოსწავლე გოგოებს საჭიროების შემთხვევაში ჰიგიენური საფენები და ტამპონები გადაეცემათ. გარდა ამისა, ტამპონებისა და ჰიგიენური საფენების მწარმოებლები დღგ-სგან გათავისუფლდებიან, რაც საბაზრო ფასს შეამცირებს.

ამასთანავე, რეფორმის მიზანია, რომ აბორტი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. 16 და 17 წლის გოგოებს აბორტისთვის მშობლების ნებართვა აღარ დასჭირდებათ და საჯარო საავადმყოფოებიც უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ესპანეთში აბორტი 14 კვირამდე ნებადართულია, რაც ქვეყნის კათოლიკე მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ დავის საგნად რჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პარლამენტმა აბორტის უფლების შეფერხების მიზნით ქალების შევიწროება და დაშინება სისხლის სამართლის დანაშაულად ცნო.