საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4-6 მაისს საქართველოში დაგეგმილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში, 5 მაისს, დაგეგმილია ევროკომისრის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ მიმდინარე პრიორიტეტებს, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს.

ევროკომისრის ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსალეთ პარტნიორობის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინებზე და ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობა.

ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმების (ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი Technical Cooperation Facility – TCF) ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.