ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში მდებარე საავადმყოფოში მომუშავე ქირურგი, ნარენდრა კაუშიკი, გეგმავს, რომ დონორის ორგანიზმიდან ამოღებული საშვილოსნო ტრანსგენდერ ქალს გადაუნერგოს, რათა მან დაორსულება და სხეულში ნაყოფის სრულფასოვნად გაზრდა შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ, რაოდენ რთულადაც არ უნდა ჟღერდეს, მსგავსი პროცედურა ცისგენდერ ქალებს (რომელთა სქესი და გენდერული იდენტობა ერთმანეთს ემთხვევა) წარმატებით უტარდება. ასეთი ტიპის ტრანსპლანტაციის წყალობით, ბავშვი პირველად 2014 წელს დაიბადა.

ასევე, იხილეთ: ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ლაბორატორიაში ტრანსგენდერი კაცების კვერცხუჯრედები მოამწიფეს

ინდოელ ექიმს სჯერა, რომ საშვილოსნოს გადანერგვა მალე ტრანსგენდერი ქალებისთვისაც შესაძლებელი იქნება, რაც მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს, ფემინურობის შეგრძნებას გაუმძაფრებს და დისფორიასაც შეუმსუბუქებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინია თავად ამ ადამიანებში, რაც 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.

"ყველა ტრანსგენდერი ქალის სურვილია, რომ მაქსიმალურად ქალური იყოს, რაც დედობასაც გულისხმობს. ამისკენ მიმავალი გზა სწორედ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციაა. ეს მომავალია. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, გეგმებს როდის განვახორციელებთ, მაგრამ ეს ძალიან მალე მოხდება", — აცხადებს ნარენდრა კაუშიკი.

ზემოხსენებული ორგანო შესაძლოა გადაინერგოს, როგორც დაღუპული დონორის, ასევე, ცოცხალი ტრანსგენდერი კაცის ორგანიზმიდან, თუმცა პირველი ვარიანტი ბევრად უსაფრთხოა. კვერცხუჯრედი კი ხელოვნურად განაყოფიერდება. მეცნიერები ამბობენ, რომ იქამდე კვლევები ცხოველებზე უნდა ჩატარდეს, რაც პროცედურის ეფექტიანობის შეფასებაში დაგვეხმარება.

რა თქმა უნდა, არსებობს რისკებიც. ცნობისთვის, პირველი მსგავსი ოპერაცია ჯერ კიდევ 1931 წელს ჩატარდა, თუმცა პაციენტი 3 თვეში, სამედიცინო ჩარევისას შეჭრილი ინფექციით გამოწვეული გულის შეტევით დაიღუპა. ამ და სხვა მოსალოდნელი საშიშროებისა თუ სირთულის გამო, ტრანსგენდერ ქალებში საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია ამჟამად დაშვებული არაა.

ნარენდრა კაუშიკის წყალობით, შესაძლოა, ეს მალე შეიცვალოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.