"ტიპი რა დონის თავხედია, გვეუბნება, რომ ე.ი, რომ მიმკურნალოთო, ჩემი პირობები შეასრულეთო", — ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტის პირობებს, რომელიც მან ვივამედში გადასაყვანად დაასახელა.

"გაგონილა ასეთი? რაღაც სისულელე 5 თუ 6 პირობა წაუყენა. კიდევ ერთხელ ვამბობთ, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი საჯარო ინტერესია, კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იუსტიციის სამინისტრომ და შესთავაზა, სადაც არის მაღალი კვალიფიციურობით გამორჩეული კლინიკა, თუ საავადმყოფო, ვივამედი, რომ იქ გადაიყვანოს. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ამ შემოთავაზებას", — ამბობს ის.

დღეს, 11 მაისს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას საკუთარი გადაწყვეტილებით არ იტარებს. მათი თქმით, ვივამედში გადასაყვანად ინფორმირებული თანხმობის ნაცვლად საზოგადოებამ "ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა იხილა".

"მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე", — ამბობენ ისინი.

10 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, შესთავაზებდენნ, რომ გადაიყვანონ კლინიკა ვივამედში, სადაც მას გამოკვლევებს ჩაუტარებენ.