პუტინისტურმა, ჰომოფობიურმა ალტ-ინფომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრორუსული რიტორიკა კიდევ უფრო გააქტიურა. ძალადობრივი ჯგუფისს წევრები გამოირჩევიან უკრაინის მადისკრედიტირებელი განცხადებებით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების დისკურსზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სოციალური მედიის მონიტორინგს მოიცავს, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ულტრამემარჯვენე მედია საშუალებების და ღიად პრორუსული პოლიტიკური აქტორების გზავნილები და მანიპულაციები.

DRI-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა ქართული ოცნებისა და პროპუტინისტური ალტ-ინფო-ს ერთმანეთის მსგავსი განცხადებები, როდესაც საქმე უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას ეხება.

ალტ-ინფოს პრორუსული დისკურსი და ანტიდასავლური გზავნილები

ძალადობრივი ალტ-ინფო ომის ფონზე ღიად ატარებს პროკრემლისტურ დისკურსს, რომელშიც ცალსახად შეიმჩნევა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამართლების ან უარყოფის მცდელობები.

"ალტ-ინფოს ეთერში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პრორუსული, პროპაგანდისტული მედია კამპანია, რომლის თანახმადაც, ომის მაპროვოცირებელ ძალად წარმოჩენილია დასავლეთი. გარდა ამისა, ალტ ინფოს წამყვანები ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ხაზი გაუსვან საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა და პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას, როგორც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას", — ვკითხულობთ ანგარიშში.

მონიტორინგის პერიოდში პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის მიერ გაჟღერებული რამდენიმე ძირითადი გზავნილი გამოიკვეთა:

  • ერთი მხრივ, ეს არის რუსეთის მხარდამჭერი მოწოდებები და მისი სამხედრო პოტენციალის გაიდეალება;
  • ხოლო მეორე მხრივ, უკრაინის დემონიზებისა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობები.

გზავნილი #1: რუსეთი, თავს არ ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას და არ ბომბავს დასახლებულ პუნქტებს

19 მარტს გადაცემა ალტ ანალიტიკაში, ალტ-ინფოს წამყვანმა და კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ გააჟღერა დეზინფორმაცია, სადაც ამტკიცებდა, რომ რუსეთი აქტიურად არ ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, ვინაიდან ერიდება ხალხის დახოცვას. მისი თქმით, ეს მორალურად სწორი ნაბიჯია, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით შეცდომაა.

აღნიშნული გზავნილი სიცრუეა სამხედრო იერიშები უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მდებარე არაერთ საავადმყოფოზე, თეატრსა და სკოლაზე განხორციელდა. ბუჩაში ოკუპანტებმა ასეულობით ხელებშეკრული ადამიანი ქუჩებში დახოცეს. ჯერ კიდევ მარტში დაბომბილი სახლების ნანგრევებში კი ახლაც პოულობენ ცხედრებს.

ერთმანეთის მსგავსი გზავნილები აქვთ გურამ ფალავანდიშვილსა და კონსტანტინე მორგოშიას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "პუტინი მაქსიმალურად ცდილობს აწარმოოს ჰუმანური ომი". 21 აპრილს, მორგოშიამ განაცხადა, რომ აზოვის ბატალიონი "საზარბაზნე ხორცად იყენებს ქალებს და ბავშვებს".

თუმცა, მარიუპოლის ბლოკირებამდე რუსული ჯარების სისასტიკეზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ვრცელდება დაღუპულების კადრებიც, რომლებსაც მოსახლეობა ქუჩებში კრძალავს. ოკუპანტებს თვეებია ბლოკირებული აქვთ ქალაქი და უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს ჰუმაიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობა. საევაკუაციო დერეფნები ფოლლადის ქარხნნიდან არაერთხელ ჩაიშალა რუსეთის მხრიდან დაბომბვის და პირობის შეუსრულებლობის გამო.

გზავნილი #2: რუსეთის სამხედრო უპირატესობა აშკარაა და ომში უკრაინა დამარცხდება

ალტ-ინფოს წამყვანები ცდილობენ გაავრცელონ მოსაზრება, რომ რუსული არმია
უძლეველია და უკრაინაში მისი სამხედრო ოპერაციები წარმატებულია. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი მოქმედებს სწორი სტრატეგიით და მისი სამხედრო პოტენციალიც უსაზღვროა.

თუმცა, სანდო წყაროებზე მცირედი დაკვივრვება და რამდენიმე ვიდეოს ნახვაც საკმარისია რუსეთის უძლეველი არმიის მითის დასამსხვრევად. ამაზე საუბრობენ დასავლური მედიებიც. ბრიტანეთისა და აშშ-ის დაზვერვები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი სუსტდება და პუტინმა თავის მიზნებს ამ დრომდე ვერ მიაღწია.

ფოტო: DRI

გზავნილი #3: დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტიანია

რუსეთის ეკონომიკა სამხედრო მოქმედებების ჭრილში "შეაფასა" ალტ-ინფოს წამყვანმა, შოთა მარტინენკომ და აღნიშნა, რომ რუსეთს დიდი ფინანსური ზარალი არ აქვს. 22 აპრილის გადაცემაში ალტერნატიული ხედვა მარტინენკომ რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების ჭრილში მიმოიხილა და ამტკიცებს, თითქოს დასავლური სანქციები რუსეთისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ არის.

აღსანიშნია, რომ მსგავსი გზავნილი ჰქონდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ "სანქციები არ არის ეფექტური საშუალება".

30 აპრილს კონსტანტინე მორგოშია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ენერგო რესურსების მთავარი მიმწოდებელია ევროპისთვის და შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კრიზისს გამოიწვევს როგორც საქართველოში, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

პრორუსული ალტ-ინფოს წამყვანები პრობლემას ვერც სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან კომუნიკაციაში ხედავენ. უფრო მეტიც, ისინი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მეტად გააქტიურდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით.

გზავნილი #4: უკრაინა თავად ვაჭრობს რუსეთთან, შესაბამისად, მისი პრეტენზიები საქართველოს მიმართ დაუშვებელია

DRI-ის თქმით, ალტ-ინფოს წამყვანებისა და ქართული ოცნების რიტორიკა იდენტურია, როდესაც საქმე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკული განცხადებების შეფასებას ეხება. როგორც წესი, კომენტარები მსგავსია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველთან, ალექსეი არესტოვიჩთან დაკავშირებით.

30 აპრილს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უარყოფით კონტექსტში ახსენა არესტოვიჩის კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ და აღნიშნა, რომ "არესტოვიჩი თავად არის შეურაცხმყოფელი და მსგავსი აბსურდული შეფასებებით ზიანდება ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან".

ალექსი არესტოვიჩის კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით ყურადღების მიღმა არც ალტ-ინფოს დარჩენია. 29 აპრილს გადაცემაში ალტერნატიული ხედვა, წამყვანმა, შოთა მარტინენკომ მას "ამერიკის აგენტი" უწოდა და საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთდაპირისპირების გაღვივებაში დაადანაშაულა.

ალტ-ინფოს და მმართველი პარტიის რიტორიკა უკრაინის ხელისუფლების მიმართ
განსაკუთრებით აგრესიული უკრაინის დაზვერვის განცხადების შემდეგ გახდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სანქცირებული პროდუქციის ქვეყანაში შეტანას საქართველოს დახმარებით გეგმავს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "აბსურდული" და "ჰაერიდან მოტანილი" უწოდა უკრაინული დაზვერვის ბრალდებას, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა უკრაინული დაზვერვის განცხადება მოიხსენია, როგორც "ცილისმწამებლური, ნამდვილად არამეგობრული და ბინძური პროვოკაცია".

ხელისუფლების მხარდამჭერი რიტორიკა იკითხება აღნიშნულ საკითხზე ალტ-ინფოს მიერ აგორებულ კამპანიაში. პარტია კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქარდავამ 7 აპრილს გადაცემა ალტერნატიულ ხედვაში გაავრცელა მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია, უკრაინიდან ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების პრეტენზიები საქართველოს მიმართ დაუშვებელია, როდესაც თავად რუსეთის გაზით ვაჭრობს. ამ განცხადებით ქარდავამ უკრაინის დისკრედიტაცია სცადა და მისი ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა რუსული ფულით საკუთარი ხალხის დაბომბვაში.

გზავნილი #5: დასავლეთს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა სურს

DRI-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სამხედრო თავდასხმების პარალელურად, ალტ-ინფოს წამყვანები სხვადასხვა გადაცემების ფორმატში ავრცელებენ ნარატივს, რომ კოლექტიურ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

იგივე ნარატივს ავრცელებდნენ როგორც ხელისუფლება, ისე პროსახელისუფლებო ტროლები.

"ალტ-ინფოს გუნდი ცდილობს უკრაინის კრიზისი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ თითქოს საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი რუსეთია. გარდა ამისა, ქართული ოცნების წარმომადგენლების მსგავსად, ალტ-ინფოს გუნდიც ცდილობს ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციას და მის წარმოჩენას "ომის პარტიად", რომლის ერთადერთი სურვილიც საქართველოს ომში ჩაბმაა", — წერს ორგანიზაცია.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების ღიად პრორუსული დისკურსი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

DRI-ის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, თვალშისაცემია საქართველოში ღიად პრორუსული და ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი პოლიტიკური ძალების გააქტიურება რუსეთთან ურთიერთთანამშრომლობის "გაღრმავების" მიმართულებით.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და ცივილიზებული სამყაროს მხრიდან რუსეთის სრული იზოლაციის ფონზე, 4 აპრილს პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი აგრესორ ქვეყანაში ჩავიდნენ.

DRI-ის ინფორმაციით, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ღიად პრორუსული პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძეც. მან 24 მარტს, მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების მიერ დაარსებული გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდისა და მასთან დაკავშირებული პრიმაკოვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრას უხელმძღვანელა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ექსპერტები და პოლიტოლოგები რუსეთიდან და საქართველოდან.

პრიმაკოვის ცენტრის ოფიციალური განცხადების მიხედვით, "შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ არამხოლოდ მიმდინარე რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, არამედ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკის, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნების საკითხებს".

14 მარტს პრორუსული ალტ-ინფოს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ზურა მახარაძის რუსეთში წასვლაზე, თუმცა არ დაუმალავს, რომ უახლოეს პერიოდში მთელი პარტია აპირებს წასვლას.