საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, მაღალ ნიშნულზე დატოვება ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარეული პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით არის გამოწვეული.

მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 12,8%-იანი ინფლაციაა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აპრილში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტისა და სურსათის გაძვირებამ მოახდინა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 22,4%-ით, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 21,3%-ით გაიზარდა.

"ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ გაზრდილი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. მაშინ, როდესაც 2022 წელი გლობალურად ინფლაციური პროცესების დარეგულირების პერიოდად მოიაზრებოდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ახალ რისკებს დაუდო სათავე. კერძოდ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში, ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა", — წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სებ-ი წერს, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საგარეო სექტორის პერსპექტივა კვლავ გაურკვევლობის შემცველია. ბანკის თქმით, ბოლო პერიოდში ლარის გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი.

"მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, მას შემცირების მიმართულება ექნება", — წერს ეროვნული ბანკი.

როგორც ცნობილია, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 22 ივნისს ჩატარდება.

გაიგეთ მეტი: