საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევის მიხედვით, საზოგადოების აზრი ორად იყოფა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს რიტორიკა რუსეთის მიმართ.

კითხვაზე — საზოგადოებაში ბევრი შეხედულება არსებობს იმის შესახებ, თუ რა სახის დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთთან, გაჩვენებთ ორ მოსაზრებას და გთხოვთ, მითხრათ, რომელი მათგანი გამოხატავს უკეთესად თქვენს დამოკიდებულებას, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • რუსეთის მკაცრი კრიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას — 41%;
  • რუსეთის კრიტიკა მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ იცოდეს — 40%;
  • არცერთს არ ვეთანხმები — 10%;
  • არ ვიცი/ური — 10%.

კვლევის მიხედვით, რუსეთის მიმართ ფრთხილი რიტორიკის პოზიციას დიდწილად ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავს.

გამოკითხულთა უმრავლესობა EU-სა და NATO-ში გაწევრიანების მომხრეა. დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ტრადიციების შენარჩუნების საუკეთესო გზა დასავლეთთან ინტეგრაციაა.

მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).

ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.