დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შესაფასებლად საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კვლევა ჩატარდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რა იცის და რა არა საზოგადოებამ დეზინფორმაციასა და მისი გადამოწმების გზებზე.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხშირად აწყდება დეზინფორმაციას, და არ შეუძლია მისი ამოცნობა. კითხვაზე, რამდენად ხშირად ხვდებით ახალ ამბებს ან ინფორმაციას, რომელიც, თქვენი აზრით, არასწორად ასახავს რეალობას ან ტყუილია?

  • 18% პასუხობს, რომ დღეში რამდენჯერმე;
  • 37% ყოველდღე;
  • 18% ყოველკვირა;
  • 5% ყოველთვე;
  • 6% არასდროს.

ხოლო, კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ შეგიძლიათ დეზინფორმაციის ამოცნობა — მხოლოდ 14% არის სრულად და 21% ძირითადად დარწმუნებული.

  • 39% ამბობს, რომ ძირითადად დარწმუნებული არ არის;
  • 10% კი საერთოდ არ არის დარწმუნებული.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას დეზინფორმაცია მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია, თუმცა არ იცის, როგორ იქმნება და ვრცელდება ის.

ფოტო: Zinc Network

ტელევიზია და სოციალური მედია დეზინფორმაციის ყველაზე გავრცელებულ წყაროებად მიიჩნევა. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის თქმით, არ გადაამოწმებდნენ სავარაუდოდ ყალბ ინფორმაციას. კერძოდ, 32%. მხოლოდ 24 პროცენტია მათი რიცხვი, ვინც ალტერნატიულ წყაროს მოძებნიდა.

  • 20% აზრს შეეკითხებოდა ოჯახსა და მეგობრებს;
  • 9% დაფიქრდებოდა ეთანხმება თუ არა ამ ინფორმაციას;
  • 9% შეამოწმებდა მითითებულ წყაროებს;
  • 5% შეხედავდა, რამდენი მოწონება და გაზიარება აქვს;
  • 3% შეამოწმებდა ფაქტ-ჩეკის ვებგვერდს.

ფოტო: Zinc Network

პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ დამოკიდებულებების კვლევა აჩვენებს — მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას NATO-ში გაწევრიანება სურს, დიდი ნაწილი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს.

ანტიდასავლური პროპაგანდა ევროკავშირის მხარდაჭერის შესასუსტებლად წარმოაჩენს ევროკავშირთან ინტეგრაციის სხვადასხვა ჰიპოთეტურ შედეგებს. მათი ნაწილი მოსახლეობაში გარკვეულ წუხილებს იწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია.

მოსახლეობის მესამედი მოწყვლადია ანტიამერიკული დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ, უმრავლესობა კი ანტითურქული დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ.

ფოტო: Zinc Network

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირში საქართველოს კულტურა, რელიგია და ღირებულებები შევიწროებული იყო. გამოკითხულებს უნდა აერჩიათ მოსაზრება, რომელიც უკეთესად გამოხატავდა მათ ხედვას. შედეგები ასე განაწილდა:

  • 54% ფიქრობს, რომ საქართველოს კულტურა, რელიგია და ღირებულებები საბჭოთა კავშირის დროს შევიწროებული იყო;
  • 31%-ის აზრით, კი აქართველოს კულტურა და ღირებულებები საბჭოთა კავშირში უკეთესად იყო დაცული, ვიდრე დღეს;
  • 6% არერთს არ ეთახნმება.

გარდა ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ადამიანებს დასავლეთში უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდათ, ვიდრე საბჭოთა კავშირში. თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, უმრავლესობა საბჭოთა პერიოდს დადებითად აფასებს, და თვლის, რომ მასზე უკეთ ზრუნავდნენ, ვიდრე დღეს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიერ სტალინის შეფასებები ურთიერთწინააღმდეგობრივია.

  • 34% ფიქრობს, რომ პატრიოტი ქართველი უნდა ამაყობდეს, რომ სტალინი ქართველი იყო;
  • 56%-ის აზრით კი, რთულია სტალინის მემკვიდრეობის შეფასება. მის მმართველობას დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა.

აზრები იყოფა იმაზეც, სტალინი ბრძენი ლიდერი იყო, თუ ტირანი.

  • 52% მიიჩნევს, რომ სტალინი ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირი ძლიერებასა და კეთილდღეობამდე მიიყვანა;
  • 40%-ის აზრით, კი სტალინი იყო ტირანი, რომელიც პასუხისმგებელია მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე.

მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).

ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.