საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევის თანახმად, ჯამურად, მოსახლეობის 30% ყოველკვირეულად უყურებს 1 პრორუსულ არხს მაინც. ხოლო გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ ენდობა ერთ პრორუსულ არხს მაინც.

გარდა ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხშირად აწყდება დეზინფორმაციას, და არ შეუძლია მისი ამოცნობა. ასევე, უმრავლესობა დეზინფორმაცია მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს, თუმცა არ იცის, როგორ იქმნება და ვრცელდება ის.

შედეგებით, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ყოველკვირეულად უყურებს პრორუსულ არხებს, მეტად არის დაინტერესებული ახალი ამბებით.

კვლევის მიხედვით, ტელევიზია ყველაზე პოპულარულ პლატფორმად რჩება. კითხვაზე —თუ გასულ თვეზე იფიქრებთ, საშუალოდ რამდენად ხშირად გქონდათ წვდომა შემდეგ მედია საშუალებებზე? მოსახლეობის პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უყურებს ტელევიზიას კვირაში ერთხელ მაინც — 85%;
  • მოიხმარს სოციალურ მედიას კვირაში ერთხელ მაინც — 71%;

  • მოიხმარს ონლაინ მედიას კვირაში ერთხელ მაინც — 56;
  • მოიხმარს ბეჭდურ მედიას კვირაში ერთხელ მაინც — 8%;
  • უსმენს რადიოს კვირაში ერთხელ მაინც — 7.

კვლევაში ნათქვამია, რომ რუსული და პრორუსული არხები ყველაზე ნაკლებად პოპულარულია. გამოკითხული მოსახლეობის მიხედვით, ყველაზე პოპულარული არხების სამეული ასე გადანაწილდა: იმედი — 62%; რუსთავი 2 — 56%; მთავარი არხი — 51%.

კვლევის შედეგებით, ყველაზე პოპულარული პლატფორმაა Facebook 67%-ით.

გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ იცის, რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია საზოგადოებაზე. 56%-ს კი სჯერა, რომ დეზინფორმაცია კრიტიკული საკითხია საქართველოში.

მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).

ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.