ფედირ შანდორისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი ლექციის გაცდენისთვის საპატიო მიზეზი არაა — უკრაინელი პროფესორი სტუდენტებს დათქმულ დროს ლექციებს ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ფრონტის ხაზიდან უკითხავს.

უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი საბრძოლველად ომის პირველ დღესვე წავიდა. შეიარაღებული და ბრძოლისთვის მუდამ მომზადებული პროფესორი სტუდენტებს ორშაბათს და სამშაბათს დილის 8 საათზე ლექციებს ტურიზმზე უტარებს. სხვა ჯარისკაცები მორიგეობის განრიგის შედგენისას ფედირს ხელს უწყობენ, რათა მას ლექციის გაცდენა არ მოუწიოს.

დაბომბვისას პროფესორი ლექციებს სანგრიდან ატარებს და ამბობს, რომ შორეული დაბომბვის ხმას ლექტორი და სტუდენტები ლექციების ჩაშლის უფლებას არ აძლევენ.

"სტუდენტებისთვის ლექციები წმინდაა, ამიტომ მათი გაცდენა დაუშვებელია. ჩვენ განათლებული თაობისთვის ვიბრძვით. არასწორად მოვიქცევი, თუ ლექციებს არ ჩავატარებ. მაშინ საერთოდ რისთვის წავედი ომში?", — ამბობს ფედირი.