ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ სანამ რუსეთის ხელისუფლებაში დღევანდელი რეჟიმია, მის გარშემო ყველა ქვეყანას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ მან AP-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ყველასთვის ცხადია რუსეთის აგრესორობა.

"ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმია ხელისუფლებაში, მის გარშემო ქვეყნებს, გარკვეულწილად, საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, მაგრამ სრულად რეჟიმი, იმიტომ, რომ შესაძლოა, ვიღაცამ პუტინი და მისი შიდა წრე შეცვალოს, მაგრამ მის ადგილზე სხვა პუტინი მოვიდეს.

ერთი რამ, რაც დადასტურდა მათთვის, ვისაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში პირველი ომის დაწყების შემდეგ ეჭვი ეპარებოდა, ის არის, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. ეს ძალიან ცხადია", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, 9 მაისს, აღლუმის დღეს გენერლებისა და პოლიტიკოსების სახეები მიანიშნებს, რომ ისინი ომში წარუმატებლობას აანალიზებენ და აღსანიშნი არაფერი აქვთ.

"ძალიან მოწყენილი და პირქუში სახეები ჰქონდათ, ისეთი, როგორსაც აღლუმის დღეს, როცა უდიდეს გამარჯვებას იხსენებ, არ ხედავ ხოლმე. მაგრამ ახლა მათთვის ეს გამარჯვების დღე არ არის და ბევრი მათგანი აანალიზებს, რომ მარცხდებიან", — აღნიშნავს ლანდსბერგისი.

9 მაისს წითელ მოედანზე რუსული არმია საზეიმო აღლუმით გამოვიდა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააჟღერა საკუთარი პროპაგანდისტული გზავნილები, თუმცა თქვა იმაზე ნაკლები, ვიდრე მსოფლიო ელოდა.

მან გაატარა ნარატივი, თითქოს უკრაინაში შეჭრა დასავლეთმა, ნატოს გაფართოებამ და უკრაინის აგრესიულმა რიტორიკამ აიძულა. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინა ბირთვულად შეიარაღებას, ყირიმში შეჭრას და დონბასში სადამსჯელო ღონისძიებებს გეგმავდა.

გაიგეთ მეტი:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში