საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს.

"თუ რამდენით, ან როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს გაძვირება, ამიტომ დაველოდოთ," - თქვა ენერგეტიკის მინისტრმა.

საქართველოს კანონმდებლობით, ენერგეტიკის სფეროში ტარიფებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია ადგენს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე კვირის წინაც გააკეთა. მაშინ კალაძე ამბობდა, რომ ტარიფის მიზეზი შესაძლოა, ლარის გაუფასურება გამხდარიყო, ბუნებრივი აირის გაძვირების შემთხვევაში კი შესაძლოა, მიზნობრივი სუბსიდირება დაიწყოს.