გულის შეტევა მსოფლიოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია, თუმცა მის სამკურნალოდ არსებული საშუალებები ხშირად საკმაოდ ძვირი და ჩვენთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა გულის დაავადების შემთხვევათა მზარდი ტემპის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2020 წელს გვამცნო.

Verve Therapeutics-ის განცხადებით, შესაძლოა, ამაში ადამიანის გენომის იმგვარად გადაკეთება დაგვეხმაროს, რომ ორგანიზმში საზიანო ქოლესტერინი ნაკლებად დაგროვდეს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სეკარ კატირესანი, ამბობს, კომპანია ქმნის საშუალებას, რომელიც შესაძლოა, გულის დაავადების პრობლემის სამუდამოდ გადაჭრის გზა აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ Verve Therapeutics-ს Google Ventures აფინანსებს, მის დამფუძნებელთა შორის კი ჰარვარდის არაერთი პროფესორია.

გენის რედაქტირების ტექნიკას თავდაპირველად ისეთ ადამიანებზე გამოცდიან, რომლებმაც მემკვიდრეობითი დაავადების გამო გულის შეტევა უკვე გადაიტანეს. Verve დნმ-ის რედაქტირების CRISPR ტექნოლოგიას იყენებს. იმ შემთხვევაში, თუკი ტესტირების ეს ეტაპი კარგად ჩაივლის, კომპანია მეთოდს უფრო დიდ ჯგუფზე გამოცდის.

გამომდინარე იქიდან, რომ გულის დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებები (თუნდაც ინსულინი) ხშირად საკმაოდ ძვირია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეთოდის წარმატება არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.