ამერიკელმა ქალმა ქალაქ ოსტინის ერთ-ერთ Goodwill-ში 35 დოლარად ბიუსტი შეიძინა, რომელიც ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდა. როგორც ლორა იანგი ამბობს, Goodwill-ში ყველაფერს ათვალიერებდა, რაც საინტერესოდ გამოიყურებოდა და ბიუსტსაც ასე მიაგნო.

"ბიუსტი 35 დოლარი ღირდა, ამიტომ არანაირი მიზეზი არ მქონდა, რომ შეძენაზე უარი მეთქვა", — განაცხადა ლორამ CNN-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, ის უკვე დიდი ხანია, ანტიკვარულ ნივთებს აგროვებს, ამიტომ ბიუსტის შემოწმება და გამოკვლევა თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ლორა ექსპერტებს დაუკავშირდა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ბიუსტი რომში იყო დამზადებული და მისი ასაკი დაახლოებით 2000 წლამდე უნდა ყოფილიყო.

ფოტო: CNN

ექსპერტის თქმით, ლორას მიერ შეძენილ ბიუსტზე რომაელი სარდალი სექსტუს პომპეუსი იყო გამოსახული. სექსტუსის მამა, გნეუს პომპეუსი, იულიუს კეისრის მოკავშირე იყო. ბიუსტი მეორე მსოფლიო ომამდე ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ის დაკვეთით შექმნილ პოპმპეუსების სახლის ასლში ინახებოდა. ომის დროს ბიუსტი სხვა ნივთებთან ერთად საცავში გადაიტანეს, რათა არ დაზიანებულიყო, თუმცა იქიდან მოიპარეს.

ბიუსტი ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ამჟამად სან-ანტონიოს ხელოვნების მუზეუმშია და მსურველებს მისი ნახვა შეუძლიათ. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვევლად რჩება, ვინ არის ბიუსტის მეპატრონე. ექსპერტის თქმით, ბიუსტი ტექნიკურად ჯერ კიდევ გერმანიის საკუთრებაა, რადგან ის საცავიდან მოპარულია. თავად ლორა კი საკუთარი აღმოჩენით ამაყობს და თანახმაა, 2023 წლის მაისის შემდეგ ბიუსტი გერმანიაში გამოიფინოს.