აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები რამდენიმე პირს პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით სვამენ. შეკრებილების თქმით, დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე ასევე, დაშალეს კარვები.

"როგორც კი 12 საათს გადასცდა მთელი დასავლეთ საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმი მოვარდა და დაიწყო პირდაპირ დარბევა. აბსოლუტურად ყველა კარავი დარბეული აქვთ, გატაცებული აქვთ. ყველაფერი დაამტვრიეს და პირდაპირ ცემა–ტყეპით ჩააგდეს [მანქანაში] ყველა, ვინც კითხვას უსვამს, აკავებენ", — ამბობს აქციის მონაწილე ფორმულასთან.

On.ge იმის გასარკვევად, დააკავეს თუ არა აქციის მონაწილეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს დაკავშირებას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ბათუმში, მთავრობის სახლის წინ აქცია ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით იმართება.

27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.

28 აპრილს ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ ექსპრეზიდენტის ოჯახი მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი აქციები დააანონსა.

ექიმ დეპუტატებს მონახულების მოწოდებით სააკაშვილმა გუშინ, 4 მაისს მიმართა. ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათთან არანაირ პოლიტიკურ დისკუსიას არ გამართავს და მხოლოდ სიმპტომებზე ესაუბრება. პასუხად, 5 მაისს ხუნდაძემ თქვა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს და განაცხადა, რომ მან ჯანმრთელობა არა ვინმეს "უყურადღებობით ან უდიერი მოპყრობით", არამედ "საკუთარი სურვილით" გაუარესა.