ახალი კვლევით დადგინდა, რომ მთვარის ნიადაგს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნა შეუძლია. შესაბამისად, მეტია შანსი, იგი კოსმოსში ადამიანებისათვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად გამოგვადგეს.

სამეცნიერო ჟურნალ Joule-ში გამოქვეყნებული უწყების თანახმად, მთვარის ნიადაგი აქტიურ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც შესაძლოა, მზის სინათლესა და ნახშირორჟანგთან ერთად წყლის, ჟანგბადისა და საწვავის მისაღებად გამოიყენონ. ეს ყველაფერი მთვარეზე დასახლებასა და კოსმოსის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

"თუკი კოსმოსის უკეთ შესწავლა გვინდა, ხარჯების შესამცირებელ მეთოდებზე ფიქრი მოგვიწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პლანეტიდან რაც შეიძლება ნაკლები რესურსი უნდა გამოვიყენოთ, დედამიწის ფარგლებს მიღმა არსებული ტერიტორიებიდან კი — მეტი", — განაცხადა ინგფანგ იაომ, კვლევის მთავარმა ავტორმა.

კოსმოსში თავის გადასარჩენად რამდენიმე სტრატეგია აქამდეც არსებობდა, თუმცა მათი უმეტესობა რესურსებს დედამიწიდან საჭიროებდა. მაგალითად, ნასას მარსმავალმა კოსმოსში ინსტრუმენტი აიტანა, რომელსაც პლანეტის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის გამოყენებით ჟანგბადის წარმოქმნა შეუძლია, თუმცა მოწყობილობა მაინც ბირთვულ ბატარეაზე მუშაობს.

მიუხედავად ამისა, ამჯერად დოქტორ იაოსა და მის კოლეგებს სურთ, თავიანთ სასარგებლოდ მთვარეზე ორი ყველაზე გავრცელებული რამ გამოიყენონ — მზის გამოსხივება და ნიადაგი, რაც კოსმოსში ასატანი რესურსების რაოდენობას შეამცირებს.

მეცნიერთა გუნდმა ჩინური ხომალდის, Chang’E-5-ის, მიერ მთვარიდან ჩამოტანილი ნიადაგი შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ იგი რკინითა და ტიტანიუმით მდიდარ ნივთიერებებს შეიცავს. ამჟამად მკვლევრებს "უცხოპლანეტური ფოტოსინთეზის" სისტემის შექმნა სურთ, რომელიც წყლის ელექტროლიზებისათვის მთვარის ნიადაგს გამოიყენებს.

ამ დროს ასტრონავტების მიერ ამოსუნთქული ნახშირორჟანგი შეგროვდება და წყლის ელექტროლიზისაგან მიღებულ წყალბადს შეერევა. მეცნიერების თქმით, პროცესი მეთანის მაგვარ ნახშირწყალბადებს მოგვცემს, რომლებიც შეგვიძლია, საწვავად გამოვიყენოთ. ეს მთვარეზე ადამიანებისათვის საცხოვრებელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს, თანაც შედარებით იაფად. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ სისტემას კოსმოსში ჩინეთის მიერ განხორციელებული მთვარის მისიების ფარგლებში გამოცდიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.