თანამედროვე მეცნიერება გაახალგაზრდავების მეთოდებზე აქტიურად მუშაობს და ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში გარკვეულ წარმატებასაც აღწევს. დაბერების პროცესთან ამგვარ ბრძოლაზე ადამიანთა უმეტესობას გენური თერაპია ან მედიკამენტები გაახსენდება, მაგრამ სპეციალისტები ახალ კვლევაში სულ სხვა ტექნოლოგიაზე საუბრობენ — არც მეტი, არც ნაკლები, ფეკალურ ტრანსპლანტაციაზე.

მათ ახალგაზრდა თაგვების ორგანიზმიდან ამოღებული ფეკალური მასა, რომელიც კონკრეტულ მიკროორგანიზმებს შეიცავს, შედარებით ასაკოვანი მღრღნელების სხეულში გადაიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ პროცედურის შედეგად, ცდისპირი ცხოველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება საგრძნობლად გაუმჯობესდა და მხედველობის ორგანოსთან თუ ტვინის მუშაობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იკლო.

"ეს კვლევა დაბერების პროცესში მიკრობების პირდაპირ ჩართულობას ადასტურებს და მის წინააღმდეგ ფეკალური ტრანსპლანტაციის პოტენციალს ცხადყოფს", — ამბობენ ავტორები.

აღსანიშნავია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული უნიკალური მიკრობიომის მნიშვნელობის შესახებ აქამდეც ვიცოდით. მისი შენარჩუნება ჯანმრთელ სიბერესთან ასოცირდება, ამიტომ მსგავსი მიგნებები წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ. შესაძლოა, ეს ტექნოლოგია მომავალში ადამიანებზეც გამოცადონ და იქაც იმავე წარმატებას მიაღწიონ, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა ძნელია.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Microbiome გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.