House of the Dragon-ის ახალი ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა, რომელიც წინა თიზერებისგან განსხვავებით სიუჟეტის შესახებ უფრო მეტს გვიყვება. "რა არის ეს ხანმოკლე და მოკვდავი სიცოცხლე, თუ არა მემკვიდრეობისკენ სწრაფვა?", — ამბობს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პერსონაჟი და მაყურებელი მაშინვე ხვდება, რომ სამეფო კარის თამაშები დაბრუნდა!

ახალ ტრეილერში ჩვენთვის უკვე ნაცნობი გვარები გვესმის. სტარკები, ბარათეონები და ველარიონები მეფე ვისერის ტარგარიენის წინაშე ერთგულების ფიცს დებენ. მეფეს თავისი შვილის გამეფება სურს, თუმცა ვესტეროსის მოსახლეობა არ არის მზად, რომ ახალგაზრდა ქალს დაემორჩილოს.

House of the Dragon იმ ამბების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სამეფო კარის თამაშებამდე 200 წლით ადრე ხდებოდა. სერიალი ტარგარიენების სახლის ისტორიისა და სამოქალაქო ომის შესახებ გვიამბობს. Game of Thrones-ის წინაისტორიაზე გადაღებულ სერიალს 21 აგვისტოს ვიხილავთ და მასში 10 ეპიზოდი იქნება.