პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკის ცნობით, მარიუპოლიდან 500-მდე ადამიანია ევაკუირებული. მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები გადაარჩინონ.

"ჩვენ ჩავატარეთ მარიუპოლიდან და აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციის კიდევ ერთი რთული ეტაპი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოვახერხეთ", — ამბობს ის.

ამის შესახებ Twitter-ზე წერს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც, თუმცა არც მას უსაუბრია, კონკრეტულად როდის დასრულდა ეს საევაკუაციო სამუშაოები.

"გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით მოახერხა, თითქმის, 500 ადამიანის ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. იმედი მაქვს, რომ მოსკოვსა და კიევთან კოორდინაცია მეტ ჰუმანიტარულ პაუზას გამოიწვევს, რათა მოქალაქეთა უსაფრთხო გადაყვანა მოხერხდეს", — აღნიშნა მან.

4 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ. ამას კრემლი უარყოფს და ამტკიცებს, რომ იქ ხუთშაბათს ჰუმანიტარული დერეფნები ფუნქციონირებდა.

21 აპრილს, მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, თითქოს მარიუპოლი აიღეს და მხოლოდ აზოვსტალის ინდუსტრიული ზონის შტურმიღა რჩებოდათ, პუტინმა ეს გეგმა დაიწუნა. მან ბლოკადის გაგრძელება მოითხოვა და ამტკიცებდა, ვითომ ეს რუსი ჯარისკაცების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამო გადაწყვიტა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში