საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2017 წლის აპრილში სააღდგომო პრემიის სახით ჯამში 110 126 ლარი გაიცა. ამ თანხის ნახევარზე მეტი, 60 644 ლარი უწყების თანამდებობის პირებზე მოდის, დანარჩენი 49 482 ლარი კი, სხვა თანამშრომლებზე. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიის გაცემის შესახებ ბრძანება, მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 11 აპრილს გამოსცა. აღნიშნული ინფორმაცია On.ge-მ უწყებიდან გამოთხოვა.

პრემიების გათვალისწინებით, უწყების თანამშრომლებმა 2017 წლის აპრილში სულ 296 504 ლარი გამოიმუშავეს, საიდანაც 183 668 ლარი თანამდებობრივი სარგო იყო, 2 710 ლარი კი - დანამატი. აპრილში მინისტრს, ლევან დავითაშვილს სააღდგომო პრემია არ მიუღია, თუმცა, დანამატი მხოლოდ მას დაერიცხა, რაც სხვა თანამდებობის პირების პრემიაზე მაღალი იყო.

რაც შეეხება 2017 წლის პირველ კვარტალს (იანვარი-მარტი), ამ პერიოდში უწყების თანამშრომლებმა ჯამში 856 483 ლარი გამოიმუშავეს. ამ თანხიდან 566 862 ლარი თანამდებობრივი სარგო იყო, დანამატი კი - 289 621 ლარი. თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება მინისტრმა (18 750 ლარი), მისმა პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ (17 404 ლარი) და მისმა ოთხმა სხვა მოადგილემ მიიღეს (თითომ 15 912 ლარი).

ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო / On.ge

On.ge-ს საჯარო იფნორმაცია გამოთხოვილი აქვს სხვა სამინისტროებიდანაც. ამ დროისთვის მიღებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში აპრილში პრემიად 151 ათას ლარზე მეტი გაიცა, ენერგეტიკის სამინისტროში კი - 19 ათას ლარზე მეტი.