Feel the PAWer of love - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზაცია Animal Project 8 მაისს, ორბელიანის მოედანზე გამართავს. ივენთი მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ამ სოციალურ პრობლემაში მათ უფრო მეტ ჩართულობას ისახავს.

"მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა", საბავშვო გასართობი და შემეცნებითი კუთხე, ფოტო-გამოფენა და ბევრი საინტერესო პროექტის წარდგენა — ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სტუმრებს 8 მაისსს, ორბელიანის მოედანზე ელოდებათ.

ღონისძიების სივრცე რამდენიმე ზონად დაიყოფა და თითოეული მათგანი სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობას დაეთმობა. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიირთვან ქართული ვეგეტარიანული და ვეგანური სამზარეულო, ისიამოვნონ მსუბუქი სასმელით და საქველმოქმედო მარკეტის ფარგლებში უამრავი ლამაზი და საინტერესო ნივთი შეიძინონ. ივენთის შესაბამის მუსიკალურ განწყობას Bero და Hatsvali შექმნიან.

დღის ბოლოს, კლუბი მტკვარზე უმისპინძლებს საქველმოქმედო ივენთს "Dance for Animals" და დღის განმავლობაში დაგროვებულ პოზიტიურ ენერგიებს ცეკვაში გარდაქმნის.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროექტი საზოგადოების დამოკიდებულებაზე მიუსაფარი ცხოველების მიმართ დადებით გავლენას მოახდენს. მოსახლეობის მეტი ჩართულობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ამ კომპლექსური პრობლემის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაციის მთავარი მიზანია, რომ მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში აღარ ცხოვრობდნენ.