საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგნენ. მისი თქმით, მათ ომბუდსმენის რეკომენდაციების მიმართ სრული ნდობა აქვთ.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ, რომ ის ნახოს კვალიფიციურმა პროფესიონალმა ექიმებმა და ასევე, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგნენ, იმიტომ, რომ ომბუდსმენის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება საქართველოში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს და შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მისი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული", — განაცხადა მან.

20 აპრილს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა, როდესაც განაცხადა, რომ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მან მანდატურებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს. სააკაშვილი პროცესზე რამდენიმე წუთში დააბრუნეს.

27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.

28 აპრილს ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ ექსპრეზიდენტის ოჯახი მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი აქციები დააანონსა.