ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ფეისბუქგვერდზე რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების ფოტოებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვიოლა ფონ კრამონსა და ანდრიუს კუბილიუსს ვაგნერზე განცხადებების გამო 10 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრათ.

იუკნევიჩიენე წერს, რომ კუბილიუსმა სასამართლოდან მისული წერილი მხოლოდ მას შემდეგ აჩვენა, როცა ნახევარი ჭიქა ლუდი დალია, თუმცა წერილი რეალურია.

"მე და აუშრა მალდეკინი თავს ძალიან დაუფასებლად ვგრძნობთ და ვეჭვიანობთ", — წერს ევროპარლამენტარი.

დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ სასამართლოსგან მოითხოვენ, ანდრიუს კუბილიუსისა და ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები ალექსანდრ ივანოვის შესახებ არასანდოდ, პატივისა და ღირსების შემლახავად ცნონ. სავარაუდოდ, საუბარია ვაგნერის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელზე.

აქვე მოყვანილია ციტატები და მითითებულია, რომ ისინი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ციტატებში ვკითხულობთ:

კუბილიუსი: "ყველამ იცის რა არის კრემლის დაჯგუფება ვაგნერი, რა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს ყირიმში, დონბასში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სხვაგან. წამება, მკვლელობა, სექსუალური ძალადობა, მასობრივი სიკვდილით დასჯა, ხალხის გატაცება და ა.შ."

კუბილიუსი: "ეს კრემლის რეჟიმის სანდო ორგანიზაციაა, სანდო სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც აშკარა დანაშაულის შემცველი ქმედებები აქვს"

კრამონი: "უკრაინა, სირია, სუდანი, მოზამბიკა, ლიბია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ვენესუელა — ამ და სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები სერიოზულად დაზარალდნენ დაქირავებულების ჩადენილი დანაშაულით".

კიდევ ერთ ფაილში წერია, რომ კუბილიუსს, კრამონს და გამოცემა პეტერბურგ ნიუსის ხელმძღვანელს, სასამართლო 10 000 000 რუბლის ჯარიმას აკისრებს ალექსანდრ ივანოვისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. აქვე აღნიშნულია, რომ გამოცემას დაევალა მასალის წაშლა და უარყოფა.

მეტიც, დოკუმენტის მიხედვით, რუსულმა სასამართლომ ევროპარლამენტი დაავალდებულა, რომ 10 დღის განმავლობაში წაშალოს ეს განცხადებები და 1 წლის განმავლობაში გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება იმ 24 ენაზე, რომელიც ამ ვებგვერდზე გამოიყენება.