სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსკურსიის ორგანიზატორი მგზავრობისას და ექსკურსიის ადგილზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

"ის გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ", — აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სკოლის დირექტორი დოკუმენტების განხილვის შემდეგ პერსონალური პასუხისმგებლობით მიიღებს ექსკურსიაზე დათანხმებისა ან უარის თქმის გადაწყვეტილებას.

ცვლილებებით აიკრძალება ექსკურსიაზე ერთ დღეზე მეტი ხნით, ღამისთევით დარჩენა. ასევე, შეიზღუდება სკოლიდან 150 კმ-ზე მეტ მანძილზე წასვლა. ახალი წესების მიხედვით, არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარის, წყალსაცავებისა, მეწყერსაშიში და დაუცველი ტერიტორიების სიახლოვეს. განათლების სამინისტროში ამბობენ იმასაც, რომ ორგანიზატორი ვალდებული იქნება მოსწავლეს, მის წარმომადგენელსა და სხვა პირებს ექსკურსიის თარიღზე, ლოკაციასა და დაგეგმილ აქტივობებზე მიაწოდოს ინფორმაცია.

ასევე, უწყება მიუთითებს იმაზეც, რომ ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა, თუ მას ექსკურსიაზე თან წარმომადგენელი არ ახლავს. ამასთან ერთად, მონაწილე სრულწლოვან პირებს შორის უნდა იყოს სულ მცირე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები აქვს.

"ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ. მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით", — ამბობენ ისინი.

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებას, უწყების განცხადებით, მას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი, ასევე, ტრანსპორტში პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა უნდა იყოს.