ამერიკელმა კომიკოსმა ბილ ბარმა თავის პოდკასტში Monday Morning Podcast მხარი საჯაროდ დაუჭირა ჯონი დეპს. როგორც ბევრისთვის ცნობილია, 11 აპრილიდან მოყოლებული აშშ-ში კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს და ეს საქმე ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პროცესად იქცა: დეპი ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამების ბრალდებით უჩივის და $50 მილიონს ითხოვს ზარალის ასანაზღაურებლად.

"ჯონი დეპის მეტისმეტად დიდი ფანი ვარ, რომ ამას [სასამართლო პროცესს] ვუყურო. ძალიან მიყვარს და უბრალოდ არ მინდა, პირადი ცხოვრების ასეთი დეტალები გავიგო. რაც ვნახე, ის განადგურებულია. მაგრამ კარგია, რომ როგორც იქნა, ის ქალი ტყუილში ამხილა. მაინტერესებს, ის ხალხი, ვინც მისი [ჰერდის] ტყუილები დაიჯერა, როგორმე მაინც თუ მოიხდის ბოდიშს", — განაცხადა ბილ ბარმა.

მისი თქმით, ხალხმა დეპი "საჯაროდ გალანძღა და კარგი იქნება, თუ მას საჯაროდვე მოუხდიან ბოდიშს, შემდეგში კი დასკვნებს ნაჩქარევად არ გამოიტანენ".

"არიან ქალები, რომელთა მდგომარეობას მსგავსი ტყუილები აზიანებს, რადგან ისინი მართლა ისეთ ურთიერთობაში არიან, რომელზეც ამბერ ჰერდმა იცრუა, რომ თავად იყო. როცა ვიღაც მსგავს რამეს იტყუება, იმ ადამიანებს აზარალებს, ვისაც რეალურად აწუხებს ეს პრობლემა", — დაამატა ბარმა.

ბილ ბარის მსგავსად ყველა როდი უჭერს მხარს ჯონი დეპს: ასევე ცნობილმა კომიკოსმა და სატელევიზიო ფიგურამ, ჰოუარდ სტერნმა სასამართლო პროცესის ტელევიზიით გაშუქების გამო მას "ნარცისი" უწოდა და ჩვენებების მიცემისას "გადაჭარბებულ სამსახიობო თამაშშიც" დაადანაშაულა.

ამბერ ჰერდის წინააღმდეგ ჯონი დეპის სასამართლო ჯერ კიდევ გრძელდება, იქამდე კი გაეცანით ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც დეპმა თავისი ჩვენების დროს ილაპარაკა: ძალადობა, მოჭრილი თითი, დასვრილი ზეწრები — რა თქვა ჯონი დეპმა სასამართლოზე ამბერ ჰერდის წინააღმდეგ