XXI საუკუნის ერთ-ერთ გლობალურ გამოწვევას, მიწის ნაყოფიერების ზრდის ხარჯზე, ადამიანებისათვის ჯანსაღი პროდუქტის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ნიადაგში დღესაც კი საკმაოდ ბევრი ქიმიური სასუქით ივსება, მიწა სრულად იფიტება.

იმისათვის, რომ დაზიანებული ნიადაგი აღდგეს და ბიოლოგიურად სუფთა მოსავალი მოგვცეს, მასში მაკრო და მიკრო ელემენტების დაბალანსებული სასუქის შეტანაა საჭირო, რაც, ფაქტობრივად, მათი სიძვირისა და ტექნიკის სიმცირის გამო შეუძლებელია. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად პოლინა ოდიშარიამ მამის დახმარებით მომხმარებლებისთვის EM — ეფექტურ მიკროორგანიზმების შეთავაზება დაიწყო, რათა მათ გაცილებით ნაკლები დანახარჯით და მეტი ეფექტურობით შეძლონ ბიოლოგიური პროდუქტის მოყვანა.

"იდეა გაუჩნდა მამას, რომელსაც ყოველთვის აწუხებდა სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა, სადაც უამრავი ქიმიური საშუალება გამოიყენება. ისინი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. სწორედ ამიტომ მან ბიოლოგიური მიწათმოქმედების შესწავლა დაიწყო და EM ტექნოლოგია აღმოაჩინა. ის პირდაპირ დაეკონტაქტა ინოვაციური იაპონური ტექნოლოგია EM-იგივე ეფექტური მიკროორგანიზმების აღმომჩენსა და შემქმნელს, პროფესორ ტერუო ჰიგას და ამის შემდგომ აქტიურად ჩაერთო ამ ტექნოლოგიის დანერგვის სფეროში საქართველოში", — ამბობს პოლინა.

როგორც პოლინა გვიამბობს, მისი პირველი ნაბიჯები მამასთან ერთად დაიწყო. ბავშვობიდან ძალიან უყვარდა სოფლის მეურნეობა და მასთან ერთად ყოველთვის ჩართული იყო მთელ რიგ ექსპერიმენტებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფლის მეურნეობის კულტურაში. ისინი EM ტექნოლოგიას იყენებდნენ და ნატურალურ პროდუქტს იღებდნენ. შედეგები კი მართლაც გასაოცარი იყო. ტექნოლოგიის ხარჯზე მოსავლიანობამ მკვეთრად იმატა და მაღალი ხარისხის მოსავალიც მოვიდა.

თუმცა, EM-ის შეთავაზება მომხმარებლებისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა: "დაწყების მომენტში ადამიანთა ცნობიერება ბიოლოგიური და ჯანსაღი პროდუქტის შესახებ არ იყო მაღალი და ქიმიური დამუშავებიდან ბიოლოგიურ დამუშავებაზე გადასვლას ეჭვის თვალით უყურებდნენ. არ სჯეროდათ, რომ ასეთი მარტივია ჩვენი ტექნოლოგიის გამოყენება. თუმცა, ამჯერად უკვე გვყავს მომხმარებელთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც აქტიურად იყენებენ EM-ს. გვსურს, გავფართოვდეთ, რათა ხალხისათვის საჭირო რაოდენობის მიწოდება შევძლოთ", — ამბობს ის.

Shark Tank-ის შესახებ პოლინას მეგობარმა უამბო, რის მერეც აქტიურად ადევნებდა გადაცემას თვალს. შემდეგ უკვე გარშემომყოფებმაც ურჩიეს პროექტში გასვლა და მონაწილეობის მიღება.

„მოლოდინი დიდი მქონდა, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. მინდოდა, იდეალურად წარვმდგარიყავი SHARK-ების წინაშე — მთელი მონდომებით "ვმეცადინეობდი" და ვმუშაობდი ამაზე. მოლოდინმა გაამართლა და შეიძლება ,იდეალურად ვერა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და უბედნიერესი ვარ, რომ მომეცა ამის შესაძლებლობა", — ამბობს პოლინა.

პოლინა აღებული ინვესტიციით თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორიის მოწყობასა და მაღაზიის გახსნას გეგმავს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, საჭირო ინფორმაციისა და პროდუქტის მიღება. ის ასევე აპირებს საიტისა და ონლაინ მაღაზიის გაკეთებას; რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებსა და მათთან EM-ის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე საუბარს.

"მსურს, საქართველოში ჯანსაღი გარემო იყოს და ნებისმიერ ჩვენს თანამემამულეს შეეძლოს, მიიღოს ჯანსაღი პროდუქტი ნაკლები დანახარჯებით. ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ბუნებაზე და მოვაშოროთ ხალხს სახიფათო შხამ–ქიმიკატები", — თქვა პოლინამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ — Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.