"ვერ ვხედავ ჩვენი შეხვედრის აზრს", — ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ექსპრეზიდენტის მიმართვას, რომ ის პარლამენტის ექიმმა წევრებმა მოინახულონ. ამის შესახებ მან იმედთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

ხუნდაძე სააკაშვილის მიმართვაზე უარის თქმის რამდენიმე საბაბს ასახელებს. დეპუტატის აზრით, მან ჯანმრთელობა არა ვინმეს "უყურადღებობით ან უდიერი მოპყრობით", არამედ "საკუთარი სურვილით" გაუარესა. ის, ასევე, ამბობს, რომ სააკაშვილს გამოჯანმრთელება საკუთარი პოლიტიკური მიზეზების გამო არ სურს. დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ დღეს, მან და დავით სერგეეკომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიკითხეს და ნახეს, რომ მას "პრაქტიკულად ყველაფერი უკეთდება".

"ვიტყოდი, რომ მას აქვს პატიმრობის პოლიტიკური დღის წესრიგი და ამაში მონაწილეობის პოზიტიურ აზრს ვერ ვხედავ. თუმცა, ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება და რჩევაც იქნებოდა, რომ დაუჯეროს თავის მკურნალ ექიმებს და ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობა იქნება აუცილებლად დაცული", — აცხადებს ის.

ამასთან, ხუნდაძე ამბობს იმასაც, რომ არ არის იმ დარგის სპეციალისტი, რომელის ექსპრეზიდენტის გასინჯვას შეძლებს. ასევე, დეპუტატი სააკაშვილის მოწოდებაზე, რომ შეხვედრის შემდეგ პარლამენტის წევრებმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯარო განცხადებები გააკეთონ, ამბობს, რომ ეს "პოლიტიკოსის მიმართვაა".

"ეს იყო პოლიტიკოსის მიმართვა და ეს იყო ისევ პოლიტიკური მიზნისთვის გათვლილი, პოლიტიკური სცენის ფორმალიზებისთვის და არა ის, რომ მე მივალ იქ, გავუწევ რჩევებს და ის ამას გაითვალისწინებს — რა თქმა უნდა, არა", — თქვა მან.

ექიმ დეპუტატებს მონახულების მოწოდებით სააკაშვილმა გუშინ, 4 მაისს მიმართა. ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათთან არანაირ პოლიტიკურ დისკუსიას არ გამართავს და მხოლოდ სიმპტომებზე ესაუბრება.

27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.

28 აპრილს ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ ექსპრეზიდენტის ოჯახი მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი აქციები დააანონსა.

ამავე თემაზე: