ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ფიქრობს სამსახურიდან წასვლაზე, რადგან გულნატკენი და შეურაცხყოფილია. მისი თქმით, ამის მიზეზი უსამართლო და უსაფუძვლო ცილისწამებები და ბრალდებებია.

"მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით — ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)", — წერს ის.

ცერცვაძის თქით, ცდილობენ დააბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას იღებდა კორონავირუსის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში. როგორც ის ამბობს, პანდემიის განმავლობაში მისი შემოსავალი არ გაზრდილა და იმ დანამატსაც არ იღებდა, რომელიც კოვიდპაციენტებთან მუშაობისთვის ეკუთვნოდა. ცერცვაძის თქმით, ცდილობენ დააბრალონ, რომ საქართველოში კოვიდპაციენტებს ცუდად მკურნალობდნენ, ავადმყოფებისა და საწოლების რაოდენობით მანიპულირებდნენ და ადამიანებს განგებ ხოცავდნენ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ბრალდებების მიუხედავად, სინამდვილეში საქართველოში კოვიდპაციენტების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე.

ცერცვაძე წერს, რომ არის სხვა საკითხებიც, თუმცა მათ არ აკონკრეტებს.

"მე კარგად მესმის, რომ უსამართლო დამოკიდებულებას და დაუმსახურებელ ბრალდებებს ცხოვრებაში ვერ ასცდები. შორს რომ არ წავიდეთ — მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვისაც კი, რომელმაც 80 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, გვაკრიტიკებდნენ და ისიც ვიცი, რომ საქართველოში ხშირად მოქმედებს პრინციპი "დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია", მაგრამ ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს", — წერს ის.

დღეს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. მათი ინფორმაციით, ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებებზეა გაბრაზებული, რომელშიც ზურაბ აზარაშვილი პანდემიის დროს საწოლების მართვის ხელოვნურ ზრდასა და ცარიელ საწოლებში გადახდილ თანხებზე საუბრობდა და ასევე, კლინიკების ხელმძღვანელებს აკრიტიკებდა.