Tamada-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად 8 მაისს თვითმმართველობის დაგეგმილ კონცერტზე უარი თქვა. ამის შემდეგ Facebook-ზე გამოაქვეყნა მიმოწერის სქრინი, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ლევან ხვედელიანი ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს.

"შენ რაც გააკეთე, იყო ძალიან დიდი *ლეობა და ცოტახანში დაგანახებთ როგორ უნდა დაქენსელება ივენთის და რა ძალა აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას", — სწერს ხვედელიანი Tamada-ს.

ამაზე მუსიკოსი პასუხობს, რომ "აბა ძლიერად მაშინ! თქვენ ხართ მომავალი". პასუხად ხვედელიანი კვლავ მუქარას აგრძელებს და წერს — "მე ძლიერად ვარ შენ მოგიწევს ძლიერად ყოფნა ცოტა ხანში, ქელეხის სუფრის თამადავ".

ფოტო: Tamada / FB

On.ge დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობაში გადაგვამისამართეს. თვითმმართველობაში ადასტურებენ, რომ ხვედელიანი ნამდვილად მათი წევრია, თუმცა ამბობენ, რომ დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ და ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

თსუ-ის სტუდენტები სწავლის აუდიტორიაში დაწყებას აპროტესტებენ და სემესტრის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ამ დროით ბინის დაქირავება არ შეუძლიათ და სამსახურის დაკარგვის საფრთხე ექმნებათ.