რუსეთში ახალი რეალითი შოუ გამოვიდა, სახელწოდებით "გეი არ ვარ", რომლის მონაწილეებმაც უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად ჰეტეროსექსუალები არიან.

შოუს ფორმატი ასეთია: ქალაქგარეთ მდებარე სახლში 8 კაცი ერთად ცხოვრობს, რომელთაგან ერთ-ერთი გეია. მონაწილეების მთავარი ამოცანაა, რომ მათ შორის გეი იპოვონ — შოუს დასაწყისში ყველა აცხადებს, რომ ისინი ჰეტეროსექსუალები არიან.

მონაწილეებს პერიოდულად სხვადასხვა დავალება ეძლევათ, მაგალითად, ტრუსებით პოზიორობა, ერთმანეთის ფოტოების გარჩევა და სხვადასხვა თამაშში მონაწილეობა, რომლებითაც მათი "მასკულინობის ხარისხი" გამოვლინდება. ამ პროცესში ისინი მუდმივად აკვირდებიან ერთმანეთის ქცევებს, ლაპარაკის მანერას, ჟესტიკულაციას და სტერეოტიპული, ჰომოფობიური, სექსისტური და ზოგადად დამაზიანებელი წარმოდგენებით ცდილობენ გაარკვიონ, ვინ არის გეი და ვინ — არა.

ის მონაწილეები, რომლებიც შეძლებენ, რომ გეი აღმოაჩინონ, პრიზის სახით 2 მილიონ რუბლს გაინაწილებენ (დაახლოებით 90 ათასი ლარი). ხოლო თუ გეი მონაწილე მოახერხებს, რომ ბოლომდე "უხილავი" დარჩეს, მაშინ ამ თანხას თავად მიიღებს.

ამ რეალითი შოუს ავტორი რუსი ბლოგერი და მსახიობი ამირან სარდანოვია, რომელმაც პირველი სერია თავის იუთუბარხზე გამოაქვეყნა (სადაც, სხვათა შორის, საქართველოზეც აქვს ვიდეო მომზადებული). თუმცა 25 აპრილს გამოქვეყნებული ეპიზოდი YouTube-ზე ამჟამად წაშლილია პლატფორმის წესების დარღვევის გამო. 2 მაისს გამოქვეყნდა შოუს მეორე სერია, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია (4 მაისი, 12:40):

მოგვიანებით YouTube-მა გადაცემის მეორე სერიაც წაშალა. ამჟამად (17 მაისი, 12:45) მესამე სერიაა მხოლოდ ხელმისაწვდომი:

ამ შოუს თანაწამყვანია რუსი დეპუტატი ვიტალი მილონოვი, რომელიც ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ძალადობრივი მოწოდებებით: ის აქტიურად უჭერდა მხარს "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" ამკრძალავ კანონს. ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, მილონოვი აპროტესტებდა სკოლებში დარვინის თეორიის სწავლებას და რუსეთში ლედი გაგასა და მადონას კონცერტების გამართვასაც. მის განცხადებებს შორის ერთ-ერთი ასეთია: "ჰომოსექსუალობა საზიზღრობაა. ჰომოფობია კი მშვენიერი და ბუნებრივია".

რუსეთი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა, სადაც არაჰეტეროსექსუალი ადამიანები დისკრიმინაციის, დამცირებისა და ძალადობის საფრთხის მაღალი რისკის ქვეშ არიან. როგორც სახელმწიფო პოლიტიკა, ისე მედიის რიტორიკა და საზოგადოებრივი განწყობებიც მკვეთრად ჰომოფობიური ხასიათისაა, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა ამ სტატიაში მოყვანილი ახალი რეალითი შოუ, რომელიც ავრცელებს და აძლიერებს ჰომოფობიურ სტერეოტიპებს.

"აღნიშნული ვიდეო არ შეიცავს ლგბტ პროპაგანდას. ასევე არ ისახავს მიზნად ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების დისკრიმინაციას, შეურაცხყოფას, უფლებების უგულებელყოფასა და სიძულვილის გაღვივებას. რეალითი შოუს მიზანია სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება, რომელსაც აქვს სრულიად გასართობი ხასიათი. ასევე ვიდეოში შესაძლოა გამოყენებულ იქნას არანორმატიული ლექსიკა", — ვკითხულობთ გაფრთხილებას შოუს მეორე ეპიზოდის დაწყების წინ.