ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის მონუმენტების აგებამდე 4 000 წლით ადრე, ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ წითელი ირემი, გარეული ღორი და სხვა ცხოველები.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, დაახლოებით ორი კილომეტრის ფარგლებში, გამოიკვლიეს მეზოლითური არქეოლოგიური ადგილი და დაადგინეს, რომ ტერიტორია არ იყო დაფარული მკვრივი და გაუვალი ტყით, როგორც ეს ადრე ეგონათ.

ასევე: სტოუნჰენჯის წარმომავლობის საიდუმლო ამოხსნილია

როგორც აღმოჩნდა, ამ ტერიტორიაზე ადრე უამრავი გარეული ცხოველი ბინადრობდა. შესაბამისად, ეს ადგილი მონადირეებისთვისაც საინტერესო იქნებოდა.

"აქამდე ბრინჯაოს ხანის და სტოუნჰენჯის ლანდშაფტის ნეოლითური ისტორიის ინტენსიური შესწავლა მომხდარა, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდების შესახებ ნაკლებია ცნობილი. ახლა წინა გათხრების შედეგად აღმოჩენილი მტკიცებულებების გაერთიანებამ, ახალ საველე სამუშაოებთან ერთად, მოგვცა საშუალება გავიგოთ მეტი. საუბარია ლანდშაფტის ფლორისა და ფაუნის მდგომარეობაზე სტოუნჰენჯის ცნობილი მონუმენტების აგებამდე", — თქვა საუთჰემპტონის გეოგრაფიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერების წამყვანმა მკვლევარმა, სამუელ ჰადსონმა.

აქამდე მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ ტერიტორია სქელი ტყით იყო დაფარული და შემდგომ პერიოდში გასუფთავდა სტოუნჰენჯის მოუნმენტების განსათავსებლად. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ამ ადგილას სახლობდნენ მონადირე-შემგროვებლები, რომლებიც ღია ტყეებში ბინადრობდნენ.

მკვლევართა ჯგუფმა გააანალიზა ყვავილის მტვერი, სოკოს სპორები და დნმ-ის კვალი, რომლებიც დაცული იყო უძველეს ნალექში. ამ მტკიცებულების გამოყენებით, მათ აღადგინეს ამ ტერიტორიაზე არსებული ჰაბიტატის სურათი გვიანდელი მეზოლითიდან (ძვ. წ. 5500 წ.) ნეოლითამდე (ძვ. წ. 4000 წლიდან).

შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებული გარემო მონუმენტებისთვის შესაფერისი იყო და მისი გასუფთავება საჭირო არ იქნებოდა.

კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.