მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებულია. ადვოკატის თქმით, ის პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს და უჭირს წონასწორობის დაცვა.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე და ის არის აშკარად უფრო დამძიმებული, ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს. თავს შეუძლოდ გრძნობს პრაქტიკულად მუდმივად და ამიტომ, ჩვენი შეხვედრა დასრულდა საკმაოდ სწრაფად. უჭირს ერთ ადგილზე დგომა, წონასწორობის დაცვა. ჩემი შეფასებით, ეს არის, უბრალოდ, არა ექიმის მოსაზრება, მისი მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე იყო რამდენიმე დღის წინ.

ის არის დაახლოებით იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო შიმშილობის ბოლო ეტაპზე. პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს, მკურნალობის მეთოდები პენიტენციურ სამსახურში არ შეცვლილა. არის იგივე, რაც არის არასათანადო და ვერ უზრუნველყოფს მისი ჯანმრთელობის დაცვას", — ამბობს თუთბერიძე.

27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.

20 აპრილს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა, როდესაც განაცხადა, რომ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მან მანდატურებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს. სააკაშვილი პროცესზე რამდენიმე წუთში დააბრუნეს.

გუშინ, 28 აპრილს ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ ექსპრეზიდენტის ოჯახი მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი აქციები დააანონსა.

ამავე თემაზე: