მეცნიერთა გუნდმა ჩვენს გალაქტიკაში არსებული 8 ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინა, რაც მათ ამ ობიექტების გარშემო ფორმირებულ მატერიის ღრუბლებში არეკლილი სინათლის "ექოს" შესწავლის გზით მოახერხეს. აქამდე ირმის ნახტომში მხოლოდ 2 ასეთი ნიმუში იყო გამოვლენილი.

ისინი ვარსკვლავის მასიური ბირთვის გრავიტაციული კოლაფსის შედეგად ფორმირებული ობიექტებია, რომლებიც ჩვენს გალაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა მათი კვალის დაფიქსირება ძნელია. ამისთვის შავი ხვრელი აქტიური უნდა იყოს და რადიაციას გამოყოფდეს. ეს მაშინ ხდება, როცა ის ახლომდებარე მნათობს შთანთქავს.

ამ დროს შავი ხვრელის ირგვლივ მატერიის დისკო წარმოიქმნება, რომელიც მასში ჩაედინება. იქ მძლავრი გრავიტაციის გავლენით წარმოუდგენელი სიცხე და სიკაშკაშე ჩნდება. ზემოხსენებული ფენომენის შემთხვევაში, როცა დისკოს შიდა მხრიდან სინათლე ღრუბლებამდე აღწევს, ის ირეკლება და ერთგვარი "ექოს" სახეს იღებს.

მეცნიერებმა ირმის ნახტომში მსგავსი მოვლენის დასაფიქსირებლად ხელსაწყო, სახელად Reverberation Machine და NICER-ის ობსერვატორიის მონაცემები გამოიყენეს. სწორედ ასე მიაგნეს მათ 8 ბინარულ სისტემას, რომელში შემავალი შავი ხვრელების მასაც მზისას 5-15-ჯერ აღემატება.

შეგროვებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ აკაშკაშებისას, პირველ ეტაპზე, ობიექტების პოლუსების მიმდებარე რეგიონებიდან პლაზმის სწრაფი ნაკადები გამოიყოფა, საიდანაც ძალიან მოკლე პერიოდში, სულ რამდენიმე მილიწამში, უკვე "ექო" ჩნდება. ეს კვირების განმავლობაში გრძელდება, რის შემდეგაც დაბალენერგიული რენტგენული გამოსხივების ჯერი მოდის და აღნიშნული ინტერვალიც იზრდება.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, ვარსკვლავის შთანთქმის პროცესში დროებითი დაოკებისას შავი ხვრელების გვირგვინის პერიოდული გაფართოება იყოს. ახალი მიგნება, სავარაუდოდ, ზემასიური შავი ხვრელების შესახებ მეტის გაგებაშიც დაგვეხმარება.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.