66 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენებით, დიდი ბალახისმჭამელები დედამიწას 25 მილიონი წლით მოაკლდნენ. რადგან მცენარეები და ბალახისმჭამელი ცხოველები ერთმანეთზე გავლენას ახდენენ, მეცნიერებს გაუჩნდათ შეკითხვა, როგორ იმოქმედა ბალახისმჭამელების ასეთმა დიდხნიანმა არყოფნამ. ხოლო შემდეგ მათმა დაბრუნებამ.

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მკვლევრებმა iDiv-ისა და ლაიფციგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით პალმების ნამარხები და დღევანდელი ნიმუშები გააანალიზეს. გენეტიკურმა ანალიზმა მკვლევრებს საშუალება მისცა დაენახათ მცენარეების ევოლუციური განვითარება ბალახისმჭამელების არარსებობისა და არსებობის დროს. შესაბამისად, პირველად დადასტურდა მეცნიერული ვარაუდი, რომ დინოზავრების დროს პალმის მრავალ სახეობას ჰქონდა დიდი ნაყოფი და დაფარული იყო ეკლებით.

თუმცა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პალმის პატარა სახეობების სიმრავლე დინოზავრების გაქრობისას შემცირდა, ხოლო დიდი ზომის პალმები თითქმის იგივე დარჩა. ამასთან, მსგავსი მცენარეების ზომაც გაიზარდა. ასე რომ, დინოზავრების გადაშენების შემდეგ კიდევ უფრო დიდი პალმები გაჩნდა და მათ შესაბამისი ნაყოფიც ექნებოდათ. როგორც ჩანს, გაცილებით პატარა ცხოველებსაც შეეძლოთ დიდი ხილის ჭამა და თესლის გავრცელება მათი ექსკრეციებით.

"ამგვარად, ჩვენ შევძელით უარგვეყო წინა მეცნიერული ვარაუდი, რომ დიდი პალმები და მათი ნაყოფის განვითარება მხოლოდ ბალახისმჭამელებზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დიდი ბალახისმჭამელების გავლენის ნაკლებობამ მცენარეების ნაყოფიერება გაზარდა", — ამბობს კვლევის პირველი ავტორი დოქტორი რენსკე ონშტეინი.

თუმცა, თავად მცენარეების თავდაცვითი თვისებების შემთხვევაში ასე არ მოხდა. ბალახისმჭამელების გაქრობასთან ერთად მცენარეების ეკლები საგრძნობლად შემცირდა.

"ასეთი ცხოველების არ ყოფნის ფონზე, მცენარეებისთვის თავდაცვითმა თვისებებმა ევოლუციური უპირატესობა დაკარგა. თუმცა, ეს თვისებები ბალახისმჭამელების დაბრუნებასთან ერთად კვლავ გამოჩნდა", — ამბობენ მკვლევრები.

მკვლევრებმა თავიანთი ნაშრომით ახალი შუქი მოჰფინეს მცენარეთა ევოლუციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალ და უნიკალურ პერიოდს, დინოზავრების გადაშენების ციკლს. იმის გაგება, თუ როგორ იმოქმედა ბალახისმჭამელების გადაშენებამ წარსულში მცენარეების ევოლუციაზე, დაგვეხმარება მომავალი ეკოლოგიური განვითარების პროგნოზირებაში.

კლიმატის ცვლილებები დღესაც ბევრ ცხოველს უქმნის საფრთხეს, ბევრი მათგანი გადაშენების პირასაა. ეს კი თავის როლს ითამაშებს მცენარეებზე და მათ ეკოსისტემაზე. შესაბამისად, მსგავსი კვლევები საფრთხეების გააანალიზებისთვისაც მნიშვნელოვანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.