პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე 5 პირი დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე.

ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლას, რაც დროულად აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით", — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი პირი სსკ-ს 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება) ცნო დამნაშავედ, ხოლო 4 პირი სსკ-ს 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა).