იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "განმარტავს" რატომ გაძვირდა ID ბარათი და პასპორტის საფასური. მისი თქმით, ეს ტარიფები 2011 წელს იყო დაწესებული და მას შემდეგ "გადახედვა გახდა საჭირო". ბრეგაძე ამბობს იმასაც, რომ თანხის ნაწილი თანამშრომლებისათვის ხელფასების გათანაბრებას მოხმარდება.

"შესაძლოა, ეს არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უწყებები მეტწილად დამოკიდებულები არიან მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე და ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება ხელფასების გათანაბრებაზე თბილისში მომუშავე და რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სრული კეთილგანწყობით ემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში", — აცხადებს ბრეგაძე იმედის ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ გარკვეული მომსახურებები გაიაფდა დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

"მათთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც აქამდე იხდიდნენ და იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, გახდა 50 დოლარი", — თქვა მან.

პირადობის აღება 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გახდა, ბიომეტრიული პასპორტი კი 100-ის ნაცვლად 150. იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც.