მაშინ, როცა 2022 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე უილ სმიტის კრის როკისთვის სახეში გარტყმამ ლუპიტა ნიონგო გაოგნებული, ნიკოლ კიდმანი კი ლამის სკამიდან გადმოვარდნილი დატოვა, ცერემონიის დარბაზში ენდრიუ გარფილდი მშვიდად იჯდა და თავის ტელეფონს ჩასჩერებოდა. ინტერნეტში მაშინვე უამრავი მიმი გაჩნდა — ადამიანები ხუმრობდნენ, რომ გარფილდი ცხელ-ცხელ ამბებს აწვდიდა სხვა ადამიან-ობობებს. როგორც აღმოჩნდა, ეს სიმართლისგან შორს არაა — მსახიობმა დაადასტურა, რომ ოსკარზე მომხდარის შესახებ თავის მეგობრებს სწერდა.

"ამის ძალიან მრცხვენია, რადგან კევინ კოსტნერი საუკეთესო რეჟისორის ნომინანტებს აცხადებდა ლამაზად და ელეგანტურად, მე კი ისე გამოვიყურები, თითქოს კამერაში გამოჩენა არაფრის დიდებით არ მინდა", — გაიხსენა გარფილდმა ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას.

"ყველა მწერდა და მეკითხებოდა, რა ხდება მანდო. ამიტომ, იმ მომენტში ჩემი მეგობრები კევინზე წინ დავაყენე. თუმცა, ახლა ამის მართლა მრცხვენია".

სხვათა შორის, წლევანდელ ოსკარზე გარფილდი და სმიტი ერთი და იმავე ნომინაციაში იყვნენ წარდგენილები, პრიზი კი ამ უკანასკნელს ხვდა წილად.

სანამ საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვებდა, სმიტი ერთ-ერთი კატეგორიის გამომცხადებელს, კრის როკს, დაესხა თავს და თავის ცოლზე ნათქვამი ხუმრობის გამო სახეში გაარტყა. მსახიობმა მოგვიანებით მოიბოდიშა, თუმცა, ამერიკული კინოაკადემიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მას ოსკარის დაჯილდოებაზე დასწრება 10 წლით აეკრძალა.

როცა ინციდენტის შემდეგ ნომინაციის გამოსაცხადებლად კოსტნერი გამოვიდა სცენაზე, დარბაზში ორად ორი ადამიანი იყო, ვინც თავის ტელეფონს ჩასჩერებოდა — ზენდეია და გარფილდი. ამიტომ, ზოგმა ივარაუდა კიდეც, რომ ისინი მომხდარს ერთმანეთთან განიხილავდნენ.

შოუში სტუმრობისას გარფილდს ასევე სთხოვეს, ინციდენტზე გაეკეთებინა კომენტარი, თუმცა, მან თავი შეიკავა.

"უკვე ყველაფერი ითქვა", — განაცხადა მსახიობმა, — "აღარაა საჭირო, ჩემიც დავამატო. დისკუსიის ყველა შესაძლო ვერსია უკვე განვითარდა, ამიტომ, სურვილი არ მაქვს, ჩემი პოზიცია ვთქვა იმაზე, რაზეც უკვე საკმარისად ილაპარაკეს".

სხვათა შორის, გარფილდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მსახიობობას დროებით თავს ანებებს.