ჰოლივუდის ვარსკვლავი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საგანგებო ელჩი, ანჯელინა ჯოლი, ცოტა ხნის წინ უკრაინას ეწვია. ჯოლი ქალაქ ლვოვში ჩავიდა და ადგილზევე გაეცნო იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელთაც საკუთარი სახლის დატოვება რუსეთის დაწყებული ომის გამო მოუხდათ. მსახიობმა ხაზი გაუსვა კონფლიქტურ სიტუაციაში ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

მოგვიანებით, ანჯელინამ თავადვე მოინახულა ბავშვები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან და პატარები, რომლებმაც ომში მშობლები დაკარგეს. მსახიობი პანსიონატსა და სამედიცინო დაწესებულებას ეწვია და დრო ექიმებთან და მოხალისეებთან ერთად ბავშვების მოვლაში გაატარა.

"ბავშვების მოყოლილმა ამბებმა შეძრა", — წერს ლვოვის რეგიონის გუბერნატორი, მაკსიმ კოზიცკი, — "ერთმა გოგომ მის ჯოლის თავისი ოცნებაც გაანდო საიდუმლოდ".

კოზიცკის თქმით, ანჯელინამ ბავშვებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო და დაჰპირდა, რომ მათთან ისევ დაბრუნდებოდა.

ფოტო: Reuters

მსახიობი ლვოვის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე ასევე შეხვდა ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტის ზონებიდან გამოიყვანეს და მოხალისეებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს თავშესაფრის პოვნაში ეხმარებიან.

"მისი ვიზიტი ჩვენთვის მოულოდნელი იყო", — აცხადებს კოზიცკი, — "ბევრი ადამიანი, ვინც მის ჯოლი ლვოვის რეგიონში დაინახა, ვერ იჯერებდა, რომ ნამდვილად ის იყო. თუმცა, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ სამყაროში ბევრ დაუჯერებელ რამეს შეხვდები".

ფოტო: Eduard Tomilchenko / AP

ანჯელინამ თავის გავრცელებულ განცხადებაში უკრაინელები შეუპოვრობისთვის შეაქო და მსოფლიოს შეახსენა, რამდენად აუცილებელია ახლა ომით დაზარალებული პირებისთვის დახმარების დროულად გაწევა.

"გავლენა, რომელიც ომს უკრაინელი ბავშვების ამ თაობაზე აქვს, გულმოსაკლავია", — წერია მსახიობის განცხადებაში, — "არსად, არცერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს თავისი ბინის დატოვება, საყვარელი ადამიანების დახოცვის და საკუთარი სახლის განადგურების ყურება. თუმცა, უკრაინაში და მსოფლიოში ეს მაინც ბევრი ბავშვის რეალობაა".

ჯოლის წარმომადგენლის ცნობით, მსახიობი ასევე მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, რომ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ბავშვებმა, კონფლიქტის ზონის დატოვება შეძლონ.

მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ლვოვს, დასავლეთ უკრაინის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ მიჩნეულ ქალაქს ეწვია, მისი ვიზიტის დროს მაინც გაისმა საჰაერო თავდასხმის სირენის ხმა, რის გამოც მსახიობს და მის თანმხლებ პირებს თავშესაფარში წასვლა მოუწიათ.

"ხომ არ გეშინიათ?", — ჰკითხა ერთ-ერთმა პირმა ანჯელინას.

"არა, არა, კარგად ვარ", — უპასუხა მან.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში