NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გასწორების უკანასკნელი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მასზე დამონტაჟებული 4 სამეცნიერო ხელსაწყო სათანადოდაა ფოკუსირებული, რასაც მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის მიერ გადაღებული ახალი სურათებიც ცხადყოფს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ტელესკოპი იმაზე კარგად მუშაობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მისი უზარმაზარი სარკეები კოსმოსის სრულად ფოკუსირებულ სინათლეს თითოეულ ინსტრუმენტს გადასცემს, რომლებიც, თავის მხრივ, მკაფიო, დეტალურ გამოსახულებებს აღბეჭდავს.

ახლა მთელი ყურადღება ლინზებით, ფილტრებითა და დეტექტორებით აღჭურვილი სამეცნიერო ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებას დაეთმობა, რასაც დაახლოებით 2 თვე დასჭირდება. ამ პერიოდში მათ სხვადასხვა კომბინაციას გამოცდიან, რათა კვლევისთვის მზაობა დაადასტურონ, რის შემდეგაც ტელესკოპი ფუნქციონირებას ზაფხულში დაიწყებს.

მანამდე ობსერვატორიის ობიექტივში კოსმოსის ამა თუ იმ რეგიონის მოაქცევენ, სადაც მისკენ მიმართული მზის რადიაცია ცვალებადი იქნება, ამ გზით მის თერმულ სტაბილურობას შეამოწმებენ. საჭიროების შემთხვევაში, გასწორდება სარკეების განლაგებაც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.