საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საცხოვრებელ კომპლექს დირსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე 2 პირს პატიმრობა შეუფარდა.

"გ.დ.-ს ბრალად ედება იძულება, განზრახ მკვლელობა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ხოლო ი.ა.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 27 აპრილს, თბილისში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივითა და განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში 4 ადამიანს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

"მომხდარის შემდეგ, გ.დ. მივიდა ნათესავთან ი.ა.-სთან, რომელსაც ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის იარაღი — ორი დანა აჩვენა. ი.ა-მ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, დანები მდინარე მტკვარში, ხოლო გ.დ-ს ტანსაცმელი, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარჩენების ურნაში გადაყარა", — აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.