შვეიცარიის ალპებში ამ ადგილისთვის უცნაური რამ — ზღვის რეპტილიების ნამარხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს, თუმცა მისი შესწავლა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ განაახლეს. კვლევა, რომელიც აღმოჩენის სამეცნიერო მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, 28 აპრილს, Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნდა.

ზღვის გიგანტური უძველესი და გადაშენებული არსებების, სამი იქთიოზავრის ნამარხი ზღვის დონიდან 2 800 მეტრის სიმაღლეზეა აღმოჩენილი და ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ისინი დედამიწაზე ოდესმე მობინადრე სახეობათაგან ერთ-ერთი უდიდესები ყოფილიყვნენ. ამ რეპტილიების მასა 80 ტონას აღწევდა, სიგრძე კი 20 მეტრს, ამ მაჩვენებლებით კი ეს სახეობა თანამედროვე ვეშაპისებრთა გიგანტს — კაშალოტს უწევს კონკურენციას.

იქთიოზავრები ოკეანეში 250 000 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ, ვიზუალურად კი დელფინებს წააგავდნენ, წაგრძელებული სხეულითა და სხეულთან შედარებით პატარა თავებით. ისინი პერმული პერიოდის მასობრივი გადაშენების შემდეგ გაჩნდნენ, ანუ მას შემდეგ, რაც ზღვის სახეობების 95%-ზე მეტი განადგურდა, თუმცა 200 მილიონი წლის წინ, გიგანტური იქთიოზავრებიც გადაშენდნენ და მხოლოდ უფრო მომცრო, დელფინის მსგავსი სახეობა შემორჩა 90 მილიონი წლის წინანდელ პერიოდამდე.

რა უნდოდათ იქტიოზავრებს შვეიცარიის ალპებში, 2 800 მეტრის სიმაღლეზე?

200 მილიონი წლის წინ, ეს კლდოვანი ქანები ფართე ლაგუნის ფსკერში იყო მოქცეული. ჩვენ ვიცით, როგორ წარმოიქმნა ალპები. ეს პროცესი, დაახლოებით, 95 მილიონი წლის წინ დაიწყო, როცა აფრიკის ტექტონიკურმა ფილამ ევროპის ტექტონიკური ფილის აწევა დაიწყო. ამის შედეგად, დაახლოებით, 30-40 მილიონი წლის წინ, კლდის ფენების გროვა დედამიწის ზედაპირზე, მთის სახით ამოიწვერა. ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად, იქთიოზავრების ნამარხები "ტექტონიკურად დეფორმირებული" იყო, ამან კი ისინი მთის მწვერვალზე მდებარე კლდოვან ფორმირებამდე მიიყვანა.

"ვფიქრობთ, რომ დიდი იქთიოზავრები თევზებს მიჰყვნენ ლაგუნაში. ნამარხები შეიძლება იქ დაღუპული მოხეტიალე იქთიოზავრებს ეკუთვნოდეს", - თქვა კვლევის თანაავტორმა ჰაინც ფურერმა, ციურიხის უნივერსიტეტის პალეონტოლოგიური ინსტიტუტისა და მუზეუმის გადამდგარმა კურატორმა.

"მთის თხა მაინც უნდა იყოთ, რომ ამგვარ სიმაღლეზე ნამარხი გქონდეთ", — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ბონის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის პროფესორი, მარტინ სანდერი.

გიგანტური კბილი

ფოტო: იქთიოზავრის კბილი

როგორც უკვე ვთქვით, ნამარხი სამ იქთიოზავრს ეკუთვნის. ერთ-ერთი 20 მეტრის სიგრძისაა, კიდევ ერთი კი — 15 მეტრის. თუმცა, ამ ნამარხთან ასოცირებული ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩენა კბილს უკავშირდება. ეს იქთიოზავრის ყველაზე დიდი კბილია, რომელიც აქამდე უპოვიათ.

"იქთიოზავრების სტანდარტებით ეს გიგანტური კბილია — მისი ფესვის დიამეტრი 60 მილიმეტრია. აქამდე აღმოჩენილი უდიდესი ნიმუში, რომელიც თავის ქალაში იყო მოთავსებული, 20 მილიმეტრის დიამეტრის იყო და 18 მეტრის სიგრძის იქთიოზავრს ეკუთვნოდა", — ამბობს სანდერი.

მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ შედარებით მომცრო იქთიოზავრებს კბილები ჰქონდათ, თუმცა მიიჩნეოდა, რომ გიგანტურები იკვებებოდნენ კეფალოპოდებით, კალმარივით, შეწოვის გზით. ეს აღმოჩენა კი ამ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორ აღმოაჩინეს გიგანტური თევზის ნამარხი ალპებში

ფოტო: კვლევის თანაავტორს, ჰაინც ფურერს უჭირავს ნამარხში ნაპოვნი იქთიოზავრის ხერხემლის მალა

ნამარხი პირველად ალპების გეოლოგიური შესწავლის პროცესში აღმოაჩინეს. ეს პროცესი 1976-1990 წლებში მიმდინარეობდა. ჰაინც ფურერი ნამარხის აღმომჩენი და შემსწავლელი ჯგუფის წევრი გახლდათ. ის მაშინ ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. აღმოჩენა მალე ყველამ მიივიწყა, ახლა კი, როგორც ფურერი ამბობს, "ცოტა ხნის წინ გიგანტური იქთიოზავრების მეტი ნაშთი გამოჩნდა. ასე რომ, ჩვენთვის ღირებულად ჩანდა შვეიცარიის აღმოჩენების კიდევ ერთხელ უფრო დეტალური ანალიზი".

იქთიოზავრის ნამარხები მსოფლიოს მასშტაბითაა აღმოჩენილი, თუმცა გიგანტური სახეობების ნაშთები, ძირითადად, ჩრდილოეთ ამერიკაში იყრის თავს. თანამედროვე შვეიცარიაში მსგავსი აღმოჩენა კი საინტერესო პრეცედენტია.

ახალი კვლევის მთავარი ავტორი, სანდერი კი ამბობს, რომ შესაძლოა, ალპების მყინვარები ზღვის სხვა ბინადრების ნამარხებსაც ინახავდეს. აღნიშნული ნამარხის შესწავლის პარალელურად კი, პალეონტოლოგები ახალი ნამარხების აღმოჩენისთვისაც იმუშავებენ.