მეცნიერთა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მთვარის პოლარული რეგიონების მიმდებარედ არსებული წყლის ნაწილი, რომელიც გრუნტშია მომწყვდეული, შესაძლოა, იქ დედამიწის ატმოსფეროდან მოხვედრილიყო. ასეთი მარაგი 3 500 კუბურ კილომეტრამდე ფართობზე უნდა იყოს მიმოფანტული და საერთო ჯამში საკმაოდ დიდი ზომის ტბის ეკვივალენტური მოცულობის წყალს აერთიანებდეს.

სპეციალისტთა მიერ შექმნილი მოდელი ცხადყოფს, როგორ ჟონავს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენიდან ჟანგბადისა და წყალბადის იონები, რომლებიც მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედებს. ეს უკანასკნელი დედამიწის გარშემო მაგნიტური ველის ერთგვარ ხაზებს მოიცავს. აღნიშნული არეალი მზის მხარეს მეტად ბრტყელია, მეორე ნაწილში კი წაგრძელებულია და მაგნიტოსფეროს კუდს ქმნის.

მასში მთვარე თვეში 5-ჯერ გადაადგილდება, რა დროსაც მაგნიტური ველის ხაზებს არღვევს, ეს კი წყლის წარმომქმნელი იონების ისევ დედამიწაზე ჩამოდინებას იწვევს. ამასთან, გარკვეული რაოდენობა თავად ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე ხვდება. შესაძლოა, ამ ატომებს სიღრმისკენ მთვარეზე ჩამოვარდნილი ასტეროიდები უბიძგებდეს და თხევადი მარაგის ფორმირებას განაპირობებდეს.

მკვლევართა ვარაუდით, ზემოხსენებული პროცესის შედეგად მთვარეს დედამიწიდან აორთქლებული წყლის 1 პროცენტი მიეწოდება. დანარჩენის წყაროდ ასტეროიდები, კომეტები და მზის ქარი მიიჩნევა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.