ევროპის სამხრეთის ობსერვატორია (ESO) ორ კვირაში მსოფლიოს ჩვენი გალაქტიკის შესახებ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარუდგენს.

რთულია იმის ზუსტად თქმა თუ რაზეა საუბარი, მაგრამ როგორც ვიცით, ეს დაკავშირებულია Event Horizon-ის ტელესკოპთან. თავის მხრივ, ეს სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელსაც შავი ხვრელის პირველ ფოტოს უნდა ვუმადლოდეთ.

უკვე წლებია, ამ პროექტის ფარგლებში, მეცნიერები ირმის ნახტომის ცენტრს სწავლობენ. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში კი სავარაუდოა, რომ სუპერმასიური შავი ხვრელის სახლია, რომელიც ცნობილია როგორც Sagittarius A*.

როგორც ჩანს, საქმე დიდ რაღაცასთან გვაქვს. აღმოჩენების შესახებ კონფერენცია გადაიცემა ონლაინ 2022 წლის 12 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე. ამას მოჰყვება YouTube ღონისძიება ექვს ასტრონომთან ერთად მთელი მსოფლიოდან. პრესრელიზის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება ვრცელი აუდიო მასალაც.

თუ ასტრონომებმა მართლაც მოახერხეს და Sgr A*-ის მოვლენების ჰორიზონტის პირდაპირი გამოსახულება გადაიღეს, ეს იქნება ისტორიული მომენტი, რომელის გამოტოვებასაც არ გირჩევთ.

შავი ხვრელების გამოსახულების მიღება ძალიან რთულია, რადგან ისინი ფაქტიურად უხილავია და შთანთქავს მთელ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. ის რისი ხილვის იმედიც გვაქვს, არის მოვლენათა ჰორიზონტი. საუბარია შავი ხვრელის კონტურზე, რომელიც წარმოადგენს იმ ზონას, საიდანაც შავი ხვრელის გრავიტაციულ ძალებს სინათლეც კი ვერ გაურბის.

მაგრამ Sgr A* დაფარულია მტვრისა და აირის ღრუბლით, რაც განსაკუთრებით ართულებს მის შესწავლას. თუ ასტრონომებმა დააფიქსირეს შავი ხვრელის ჰორიზონტი, ის მბზინავი დონატის სახით იქნება. ეს არის შავი ხვრელის აკრეციული დისკი, გაზისა და მტვრის რგოლი, რომელიც გამოყოფს ექსტრემალურ გამოსხივებას.

ESO-ს პრესრელიზი გვპირდება რაღაც "უმნიშვნელოვანესს". სიტყვის იგივე ფორმულირება გამოიყენეს 2019 წელს შავი ხვრელის პირველი პირდაპირი სურათის გამოცხადებამდე. მაშინ ეს იყო შავი ხვრელი გალაქტიკა M87-ის ცენტრში და მისი მასა 6,5 მილიარდჯერ აღემატება ჩვენს მზეს. რაც შეეხება მოვლენების ჰორიზონტს, ეს დაახლოებით 20 მილიარდი კილომეტრის რადიუსია.

შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები

მიუხედავად ასეთი ზომებისა, ეს იგივეა 1 მილიმეტრის ზომის ობიექტს 13 000 კილომეტრის მანძილიდან გადაუღო ფოტო.

რაც შეეხება Srg A*-ს, ის ჩვენთან ბევრად უფრო ახლოს არის, რადგან ირმის ნახტომის ცენტრშია. თუმცა, სუპერმასიური შავი ხვრელისთვის ზომაში საკმაოდ მცირეა — მზეზე მხოლოდ 4,3 მილიონჯერ მასიურია.

შესაბამისად, თუ ასტრონომებმა საბოლოოდ გადაიღეს მისი მოვლენათა ჰორიზონტი, ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იქნება.

განცხადების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.