ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სახელმწიფომ ალფა ჯგუფიდან ბორჯომის კომპანიის აქციები უნდა გამოისყიდოს, შემდეგ კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებზე გაასხვისოს.

"ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.

მიზეზი — კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული "ალფა ჯგუფის" აქციონერობაა.

"ალფა ჯგუფს" კომპანია "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ "იმედის" დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.

გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან: სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს "ალფა ჯგუფისგან" "ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

მისივე თქმით, მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა.

29 აპრილიდან სანქციების გამო კომპანია ბორჯომი ორივე ქარხანაში წარმოებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ IDS ბორჯომი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.